„თბილისობასთან" დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვაზე შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ელბაქიძის დაღმართზე, რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიის მიმართულებით.

აღნიშნული შეზღუდვა "თბილისობის" დასრულებამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„თბილისობის“ დღესასწაული 6-7 ოქტომბერს გაიმართება.