რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სესხის გამცემ სუბიექტებს - სებ-მა მათი რეგისტრაციის წესი დაამტკიცა

სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება.

ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი სუბიექტების სებ-ში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი დაამტკიცა. ამ წესის თანახმად, სგს-ს დასარეგისტრირებლად, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ან ინდივიდუალური მეწარმე ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით.

ამასთან, სუბიექტმა გარკვეული დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოს. კერძოდ, განცხადებას თან უნდა დაერთოს მათ შორის : ორგანიზაციის წესდება; სადამფუძნებლო სტრუქტურა; ინფორმაცია რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია გაცემული სესხებისა და მოზიდული სახსრების შესახებ); ინფორმაცია სგს-ს სათავო დაწესებულების, ფილიალებისა და სასაწყობე ფართის ადგილსამყოფელის შესახებ; ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს, ვალდებულება ერიცხება მხოლოდ დამფუძნებლებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ; სათავო ოფისის, ფილიალის ან/და სასაწყობე ფართის გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტის/აქტების ასლი; ასევე შიდა პერიმეტრზე (საოპერაციო ფართი და სალარო) ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (კამერების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამონტაჟების დოკუმენტი ან/და ფოტომასალა); ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიულ პირთა შემთხვევაში კი – მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები და ა.შ.

ამასთან, სესხის გამცემ პირს სებ-ში განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაც დასჭირდება. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებლის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.

„სესხის გამცემი სუბიექტის/მისი ფილიალის საოპერაციო ფართი (სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც სგს-ის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ამ წესით ნებადართული ოპერაციები და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს არანაკლებ 20 (ოცი) კვადრატული მეტრისა; უნდა იყოს იზოლირებული სხვა ობიექტებისგან; უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი სგს-ს საოპერაციო ფართში მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, რკინიგზის და ავტოსადგურები); უნდა ჰქონდეს საოპერაციო ფართში იზოლირებული სალაროს კვანძი, რომელიც აღჭურვილი იქნება შიდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და საგანგაშო ღილაკით; ძვირფასეულობა (ძვირადღირებული მცირე ზომის ნივთები) უნდა ინახებოდეს სპეციალურ ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც მოთავსებული იქნება ისეთ დაცულ/იზოლირებულ ადგილას (მათ შორის, სალაროს კვანძში), რომელიც ექცევა ვიდეომეთვალყურეობის არეალში. სხვა შემთხვევაში ძვირფასეულობა შენახულ უნდა იქნას კომერციულ ბანკში; ძვირფასეულობის გარდა სხვა მოძრავი ნივთების შესანახად უნდა გააჩნდეს საოპერაციო ფართისგან დამოუკიდებელი სასაწყობე ფართი, მოწყობილი იმდაგვარად, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების აღრიცხვა/ინვენტარიზაცია. ამასთან, საოპერაციო და სასაწყობე ფართი აღჭურვილი უნდა იყოს სიგნალიზაციის სისტემით,“-აღნიშნულია წესში.