ქუთაისში, სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“, პროექტ „საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დასავლეთ საქართველოში მოღვაწე მეწარმე ქალები დაესწრნენ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცნობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 50 მეწარმე ქალი შეირჩა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქალ მეწარმეთა მთავარ გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილეები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს გაივლიან.
პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრაზე ბენეფიციარებმა მოტივაციის ასამაღლებელი ტრენინგი გაიარეს, რომელსაც ანდრო დგებუაძე უძღვებოდა. ასევე, პროექტის ფარგლებში ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები.
ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, პროექტი ორწლიანია. წლის ბოლოსთვის კი, ბორდი 25 მონაწილეს ბიზნესის გაფართოების მიზნით დაფინანსებას გამოუყოფს.