„ჩვენ მიერ განხორციელებული 600 მლნ ლარის ინვესტიცია გაიზრდება“ - რა სიახლეებს გეგმავს „ბილაინი“

„მთელი ჩვენი ფოკუსი მობილური ინტერნეტის მომხმარებლების ზრდასა და ინტერნეტ მომსახურების შეთავაზებაზეა მიმართული“

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო პერიოდში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კერძოდ, მიმდინარე წელს „სილქნეტი“ ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა და შედეგად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ორი დიდი, გამსხვილებული კომპანია - „მაგთი“ და „სილქნეტი“ მივიღეთ.

შესაბამისად, საინტერესოა, რა გეგმები აქვს, როგორ აგრძელებს საქმიანობას და რა რესურსი აქვს ბაზრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან, მე-3 ოპერატორ კომპანია „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) რათა კონკურენცია გაუწიოს ამ ორ კომპანიას, რომლებიც საკმაოდ მაღალ წილს იკავებენ, როგორც მობილურ, ისე სატელევიზიო და ინტერნეტ ბაზარზე. მითუმეტეს, იმის ფონზე რომ ზოგიერთი ექსპერტი „ბილაინის“ მიერ ბაზრის დატოვებასაც პროგნოზირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია არათუ ბაზრიდან გასვლას, არამედ პირიქით, მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებისა და უფრო განვითარებისთვის ემზადება.

უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე და ბაზარზე არსებულ ვითარებაზე „ბიზნესპრესნიუსი “ კომპანია „ვიონი საქართველოს“ ბიზნეს ოპერაციების დირექტორს ლაშა ტაბიძეს ესაუბრა.

როგორ აგრძელებს საქმიანობას კომპანია მას შემდეგ რაც ბაზარზე ორი დიდი, გამსხვილებული კომპანია გაჩნდა? რა შეიცვალა ამ გამსხვილებების შემდეგ „ბილაინისთვის“?

„ბილაინი“ მის 1.25 მილიონ მომხმარებელზე ზრუნვას, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებასა და ზრდას განაგრძობს, განსაკუთრებით მობილური ინტერნეტის მოხმარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ უკვე შევძელით და ერთ წელიწადში საკუთარ მომხმარებელში მობილური ინტერნეტის მოხმარება 127%-ით გავზარდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს დამატებითი ღირებულების შემქმნელ პროდუქტს სთავაზობდე, რასაც „ბილაინი“ საკუთარი სტრატეგიით - სმარტფონის მომხმარებლებსა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირებით ახერხებს. სწორედ ე.წ. დიჯიტალიზაცია ანუ გაციფრულებაა ის, რაც კონკურენტებისგან განგვასხვავებს. ჩვენი მომხმარებლის 72% სმარტფონის მომხმარებელია, რომელთაც საკითხების მობილური ტელეფონით სწრაფად და მარტივად გადაწყვეტისთვის „ბილაინი“ არაერთ თანამედროვე გადაწყვეტას აწვდის.

როგორ აპირებს კომპანია განვითარებას და ბაზარზე საკუთარი პოზიციების შენარჩუნებას?

ამ თვალსაზრისით კომპანიას ორი ძირითადი მიმართულება აქვს, ესენია: მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა და ინოვაციურობა. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ტელეკომ ოპერატორისთვის გამოწვევაა ხმოვანი მომსახურებიდან შემოსავლის შემცირება. მობილური ინტერნეტისა და ციფრული მომსახურებების მოხმარებიდან მიღებული შემოსავლებით კი, „ბილაინი“ ბაზარზე პირველ ადგილზეა. ასევე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის ახალი ღირებულების შექმნაც. ამ მხრივ ბილაინის მიდგომაა: მუდმივი ინოვაცია, პროდუქტების სიმარტივე, ინტერნეტ ტექნოლოგიის ყველასთვის ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის კმაყოფილება.

რა გეგმები გაქვთ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით? კონკრეტულად რა ინვესტიციებზეა საუბარი?

დღეის მდგომარეობით, „ვიონი საქართველოს“ თითქმის 600 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. მათ შორის, საქართველოს მასშტაბით ჩვენ პირველებმა ავაშენეთ 4G ქსელი 2015 წელს და ასევე უმოკლეს ვადაში, კერძოდ, 2017 წელს - 3G ქსელი. 2018 წლის იანვარში დავიწყეთ მთელი ჩვენი IT ინფრასტრუქტურის შეცვლა, რათა ის უფრო მოქნილი, მომხმარებლებისა და თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებზე უფრო მორგებული გაგვეხადა და ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ციფრულ განვითარებაზე - მთელი ჩვენი ფოკუსი მობილური ინტერნეტის მომხმარებლების ზრდასა და ინტერნეტ მომსახურების შეთავაზებაზეა მიმართული. ვაპირებთ, რომ ამ მხრივ მუდმივად ინოვაციურები დავრჩეთ და ჩვენი პროდუქტები, მათში ყველა საჭირო ციფრული სერვისის კომბინირებით, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ეს უწყვეტი პროცესია და მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული 600 მილიონის ინვესტიცია - გაიზრდება და ფინანსური ანგარიშგების პერიოდის დასრულებისას, რიცხვს სიამოვნებით მოგაწვდით.

რა სიახლეებს შესთავაზებს კომპანია მომხმარებლებს? მოსალოდნელია თუ არა ტარიფების ცვლილება?

ჩვენი მიზანია გაციფრულების პროცესის ისე წარმართვა, რომ „ციფრულ სივრცეში“ მომხმარებლების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდეს. ამაში ვგულისხმობ: ვებგვერდს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ტრანზაქციების განხორციელება და საკუთარი სერვისების მართვა; „ბილაინის“ მობილურ აპლიკაციას, რომელიც, მომხმარებლების ტელეფონში ფაქტობრივად, ბილაინის ოფისია; 24/7-ზე ონლაინ კონსულტაციას; NLP ჩატბოტს; „ბილაინის“ მხარდაჭერის პლატფორმას, სადაც თავად მომხმარებლებს შეუძლიათ სხვა მოხმარებლების კითხვებს უპასუხონ, დაეხმარონ მათ და ამისთვის დასაჩუქრდნენ კიდეც და ამათ გარდა სხვა ციფრულ სიახლეებსაც ვგეგმავთ. ტარიფების კორექტირება ბიზნესის თანმდევი პროცესია და პერიოდულად, რა თქმა უნდა, მათი გადახედვაც ხდება, თუმცა, ამ მხრივ „ბილაინი“ ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე და ახლო მომავალში რაიმე რადიკალურ ცვლილებას არ ვგეგმავთ.

„ბილაინი“ მეტნაკლებად ახერხებს ლოიალური აბონენტების შენარჩუნებას, მიმდინარე წელს მაისიდან მოყოლებული მათი რაოდენობაც იზრდებოდა.. რას უკავშირებს ამას კომპანია და როგორ ფიქრობთ, რისი დამსახურებაა?

აბონენტების დენადობა ჩვენს შემთხვევაში მცირეა და თამამად, შეიძლება ითქვას, რომ „ბილაინი“ კარგად ახერხებს ლოიალური აბონენტების შენარჩუნებას. ეს არის ტრენდებისა და მომხმარებლების მოთხოვნების სწორი იდენტიფიკაციისა და მათზე სწრაფი პასუხის დამსახურება. ძირითადი ტრენდი - ინტერნეტ სივრცეა. მომხმარებელს სჭირდება არა უბრალოდ სწრაფი ინტერნეტი, არამედ სხვადასხვა ინტერნეტ და ციფრულ სერვისებზე წვდომა - ინტერნეტ პაკეტები, როუმინგში ინტერნეტის მოხმარება, ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში კომფორტული თვითმომსახურება. ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლითაც თანამედროვე ტელეკომ ბაზარმა მომხმარებლის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს. ჩვენ მუდმივად ვზომავთ მომხმარებლის კმაყოფილებას და ვხედავთ, თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი და ვმუშაობთ ამაზე. არ ვამბობ, რომ ყველაფერში იდეალურები ვართ, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვუსმენთ საკუთარ მომხმარებელს და ახლაც ვმუშაობთ მათთვის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაზე.

ჩვენთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნავდით, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დანერგვა იგეგმებოდა. როდიდან უნდა ელოდეს მომხმარებელი სიახლეებს და კონკრეტულად რას შესთავაზებს მათ კომპანია?

მომხმარებელზე ფოკუსირება, ინოვაცია და ანტრეპრენიორშიპი, ისევე როგორც თანამშრომლობა და სიმართლის თქმა, ჩვენი კომპანიის ღირებულებებია. ეს ღირებულებები მხოლოდ ფურცელზე არ წერია და ჩვენ ყოველდღე ამით ვხელმძღვანელობთ. მხოლოდ ბოლოდროინდელი ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივებია - ელექტრონული კომერცია და ელექტრონული თვითმომსახურება, რაც გულისხმობს: ბალანსის შევსებას, ტარიფებისა და სერვისების აქტივაციას, მოწყობილობების შეძენას, ბალანსის დეტალურ შემოწმებას და ა.შ. „ბილაინის“ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც თითქმის ყველა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, რაც ფიზიკურად, მაღაზიაში ხდება; ავტომატიზირებული ონლაინ კონსულტაცია; ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმა; SIM-ის თვითმომსახურების აპარატი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია როგორც SIM ბარათის ყიდვა, ისე სასურველი ნომრის შერჩევა და სერვისების აქტივაციაც კი. უკვე ვმუშაობთ NLP ჩატბოტზე, ასევე ვებგვერდის, აპლიკაციისა და მხარდაჭერის პლატფორმის განახლებაზე - ახალ ფუნქციებს ვამატებთ.

რამდენად მოსალოდნელია ბაზარზე მომხდარი გამსხვილების შემდეგ, ბილაინის მიერ სხვა კომპანიების შეძენა ან თუ მუშაობთ ამ მიმართულებით?

ჩვენ ბიზნესის გაციფრულებაზე ვართ ორიენტირებული. შესაბამისად, განვიხილავთ ისეთ შეთავაზებებს, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემენ კიდევ უფრო განვავრცოთ ციფრული მომსახურება.

თაია არდოტელი