სილქ TV-ისა და გლობალ TV-ის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაეზრდებათ

სილქ TV-ისა და გლობალ TV-ის აბონენტებს გადასახადი 2 ლარით გაეზრდებათ.

სატელევიზიო მომსახურების შეცვლილი ტარიფის გადახდა 1-ლი ნოემბრიდან მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიამ გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ 6 ქართული ტელეარხის (რუსთავი 2, იმედი, ჯიდიესი, მარაო, მაესტრო, კომედი არხი) მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება გახდა ფასიანი.

კომპანია სილქნეტმა, სხვა ოპერატორებისგან განსხვავებით, შეძლო აღნიშნული არხების ჩვენება ფასის უცვლელად ერთი წლით შეენარჩუნებინა. თუმცა, ამ 6 ქართული არხის მოთხოვნით გადასახადის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა, რის შედეგადაც კომპანია იძულებულია სილქ TV-ის აბონენტებს, 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2 ლარით გაუზარდოს სატელევიზიო მომსახურების ღირებულება. ტარიფის ზრდა ასევე შეეხება გლობალ TV-ის მომხმარებლებსაც.

კომპანია სილქნეტი, როგორც სილქ TV-ის ისე გლობალ TV-ის აბონენტებს, 1 ნოემბრიდან დამატებით მაღალრეიტინგულ კინო და სპორტული ჟანრის არხებს მიაწვდის,“-აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, რეტრანსლირების საფასურის დაწესების მიუხედავად, იმ მომხმარებლებს, რომლებიც განახლებული „ორმაგი შეთავაზების“ პაკეტებით სარგებლობენ, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი უცვლელი ტარიფებით შეუნარჩუნდებათ.