შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებაზე, ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკება ჯერ მეტისმეტად ნაადრევია.
მისივე თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს, პეკინზე ჯერ ისეთი ზეწოლა არ მოუხდენია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს.
„ჩინეთს სურს მოლაპარაკება, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ მეტისმეტად ადრეა. ვერ ვისაუბრებთ, რადგან ისინი ჯერ მზად არ არიან. თუ პოლიტიკური კუთხით, ხალხი ამას მეტისმეტად ადრე გვაიძულებს, მაშინ ჩვენი მშრომელებისთვის და ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ“, - ამბობს ტრამპი.
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კანადასთან და მექსიკასთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ შეაქო ტარიფების ძალა, რომლის გამოყენებითაც, ამერიკელ სავაჭრო პარტნიორებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აიძულა. თუმცა დასძინა, რომ ტარიფების მკვეთრი გაზრდა, რომელიც ჩინურ იმპორტზე დააწესა, პეკინზე ჯერ სათანადოდ არ მოქმედებს. „ეს იმიტომ, რომ ისინი წლების განმავლობაში გვძარცვავდნენ, ყველაფერი სწრაფად ვერ მოხდება“, - განმარტავს ტრამპი.
გასულ თვეში ტრამპმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე გაზარდა საბაჟო ტარიფი და დაიმუქრა, რომ იგივეს გააკეთებს სრულ ჩინურ იმპორტზე. მისი თქმით, ჩინეთის ეკონომიკის დასუსტება და სააქციო ბაზრის კლება პირველი ნიშნებია იმისა, რომ ამერიკული ტარიფები ჩინურ ეკონომიკაზე ეფექტურად მოქმედებს.
ჩინეთი მაინც გამომწვევად იქცევა და აცხადებს, რომ მიმართავს ეკონომიკის სტიმულირებას, რაც სავაჭრო შოკების განეიტრალების საშუალებას მისცემს.
ტრამპი კი დასძენს: „მათ ახლა გაცილებით გაუჭირდათ. მე არ ვუსურვებ მათ სიძნელეებს“.