მერიამ უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა

დედაქალაქის მერიამ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა.ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, უკვე გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაასრულებს.

"მთავრობის წინა სხდომაზე ვისაუბრე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება საკმაოდ წარმატებით, თუმცა იყო კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა მაქვს მხედველობაში, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დამთავრებული უნდა იყოს, თუმცა კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, მიაგდო სამუშაოები. სავალალო მდგომარეობაშია კონკრეტული ქუჩა, გადათხრილი, მიტოვებული და მე მაინტერესებს, რა მდგომარეობა გვაქვს და რა ხდება ამ ეტაპზე",- განაცხადა კალაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე თბილისის მერს მისმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა უპასუხა.

„ჩვენ გასულ კვირას შევხვდით კომპანიას, რომლის მიმართაც მოხდა საჯარიმო სანქციების გატარება, ასევე, შეწყვეტილია ხელშეკრულება. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, იქ შესულია სხვა გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გარდა ამისა, დავალება გვაქვს მიცემული, უახლოეს დღეში დასრულდეს მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები",- განაცხადა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „კავთა" აწარმოებდა, რომელმაც ტენდერში მიმდინარე წლის ივლისში გაიმარჯვა.