"ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე ვმუშაობთ, რაც გულისხმობს რეგიონებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადანაწილების ახალ პრინციპებს"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროექტი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19%-ის მუნიციპალიტეტზე განაწილებას გულისხმობს, ფისკალური დეცენტრალიზაციის შემადგენელი ნაწილია.

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს რეგიონებში გადასახადების სხვაგვარ განაწილებას, რომელიც მათ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„ეს არის შემოთავაზება, რომელიც არის დეცენტრალიზაციის პროცესის ერთ-ერთი ნაწილი. თქვენ იცით, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მათ შორის ვმუშაობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს რეგიონებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადანაწილების ახალ პრინციპებს. ამ ეტაპზე რეგიონების საკუთარი შემოსავლები შედგება როგორც ბიუჯეტიდან მიმავალი ტრანსფერებისგან, ასევე მათი წილით იმ გადასახადებიდან, რომლის აკრეფაც ქვეყანაში ხდება, შესაბამისად, ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ახალი ხედვა ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხში, თუ როგორ გავზადროთ თვითმმართველობის წვდომა ბიუჯეტზე, როგორც გავზარდოთ მათი რესურსი იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ იმ ფუნქციების შესრულება, რომელიც მათ დღეს აქვთ. ეს არის ნაწილი იმ საერთო პროცესის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამჯერად, ეს არის მთლიანობაში ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ტრანსფერის ფორმულაზე, ასევე არსებული გადასახადების რეგიონებში სხვაგვარ განაწილებაზე, რათა გადასახადების უფრო მეტი წილი დარჩეს რეგიონებში, რაც ამ რეგიონების ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახე - ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ იარსებებს.

გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% მუნიციპალიტეტზე განაწილდება. ამას მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარედგინა.