ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონტრუქციული სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა განუცხადა. რაც შეეხება უშუალოდ ექსპლუატაციას, როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ამის შემდეგ დაიწყება ტერმინალების შეერთების ფაზა, ასევე ინტერიერის მოწყობა, რაც 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.
ქუთაისის აეროპორტში დამატებითი ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი 2017 წლის 26 ივლისს გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად მგზავრთნაკადის ზრდა დასახელდა.
ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ანაგსა“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულებას ხელი გასული წლის 31 აგვისტოს მოეწერა, რომლის საერთო ღირებულება 26 423 967,74 ლარს შეადგენს.
ტერმინალის აქტიური სამშენებლო პროცესები სექტემბრიდან დაიწყო.
„ანაგის“ გენერალიური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი: „ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა. ამჟამად სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, დეკემბერში დასრულდება“.
"ეროპორტების გაერთინების" ინფორმაციით კი, პირველი ეტაპით განსაზღვრული სამუშაოებიდან რკინა-ბეტონის ნაწილი სრულად დამთავრებულია. მათივე თქმით, ახლა რკინის კონსტრუქციის მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის 50%-ზე მეტი დასრულებულია.
„ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასავლელი ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საათში 1000 – 1100 მგზავრის შუფერხებლად გატარებას შეძლებს, ამასთან, უზრუნველყოფს პიკურ საათში 7 რეისის ერთდროულად მომსახურებას. ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საათში 300 მგზავრს ემსახურება.
ახალი ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ანუ სამჯერ ვზრდით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. 2019 წლის დასაწყისისთვის დაიწყება ტერმინალების შეერთების ფაზა, იმიტომ, რომ არსებული ტერმინალის ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, კერძოდ, რკინის კონსტრუქციების. საბოლოო ჯამში ეს იქნება ერთი მთლიანი ახალი ტერმინალი, სადაც არსებული ტერმინალი სრულად გახდება გაფრენის ზონა და ახალი ტერმინალი ჩამოფრენისთვის განკუთვნილი“,- აცხადებენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“.
მათივე ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი კი, IATA ქონსალთინგის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.