კახეთში იტალიური კალიის გასანადგურებლად შეწამვლის პროცესი დასრულდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში გავრცელებული მავნებლის, იტალიური კალიის გასანადგურებლად ავიაციით შეწამვლის პროცესი დაასრულა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ის სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში 25 649 ჰა ფართობია დამუშავებული. წამლობა სამანქანე დანადგარებით მავნებლის დაჭუპრებამდე გაგრძელდება.

აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის" ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისიდან დაიწყო. თავდაპირველად სამანქანე დანადგარებით მავნებლის გავრცელების კერები კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დამუშავდა. ამ ეტაპისთვის სპეციალური სამანქანე ტექნიკით შეწამლულია 15 749 ჰა ფართობი. მავნებლის ძლიერი გავრცელების გამო 23 მაისიდან საჭირო გახდა ავიაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც შეიწამლა სამანქანე დანადგარებით მიუდგომელი ფართობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საძოვრები.

ამ ეტაპზე ავიაციით დამუშავებულია 9 900 ჰა.

იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში, პოლიფაგი მავნებელია, რომელიც ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და მწვანე ნარგაობას. მავნებლის რეზერვაცია დაუმუშავებელი მიწებია. იგი განსაკუთრებით აზიანებს საძოვრებს, სათიბებს, ჯეჯილს, დეკორატიულ მცენარეებს, ბუჩქებს, ტყეს.

წელს შეწამვლა კახეთსა და ქვემო ქართლში მიმდინარეობდა. სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, საგარეჯოსა და ახმეტის ტერიტორიაზე დამუშავებულია 22 824 ჰა ფართობი. მარნეულის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში - 2 825 ჰა.