რა ოდენობის შემოწირულობა მიიღეს სექტემბერში „ნაცმოძრაობამ“, სალომე ზურაბიშვილმა და   „ქართულმა ოცნებამ“?

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა და არჩევნებში მონაწილე პარტიებმა სექტემბერში შემოწირულების სახით ჯამურად, 930,012 ლარი მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 442,691 ლარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდის, მეორე ადგილზე 332,245 ლარით კი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.

91,196 ლარის შემოწირულება მიიღო „ევროპულმა საქართველომ“, 35,000 ლარი კი „ახალმა საქართველომ“. 13,000 ლარი შესწირეს დამოუკიდებელ კანდიდატ ბესარიონ თედიაშვილს, 9,700 ლარი კი - „თავისუფალ დემოკრატებს“. 4,600 ლარი დაერიცხა შემოწირულების სახით „გირჩს“, 1,010 ლარი კი „თავისუფალ საქართველოს“. 350 ლარი შესწირეს „ეროვნულ ფორუმს“, 200 ლარი კი დამოუკიდებელ კანდიდატ კახაბერ ჭიჭინაძეს.

შემოწირულების სახით სექტემბერში მხოლოდ 20 ლარი მიიღო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“.