მოძრაობის თეატრის მსახიობები, მიმები, ოჩოფეხები, დრამერები, ცეცხლოვანი შოუ, ქართული ფოლკლორი და რაც მთავარია, ქართული ღვინო - ეს „ქართული ღვინის ფესტივალი 2018-ის“ მცირე ნაწილია, რომელიც სტუმრებს 13 ოქტომბერს სიონის ქუჩაზე ელოდება.
ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბურია. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობენ და ქმნიან ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომლებსაც „ქართული ღვინის ფესტივალზე“ წარადგენენ.
შორენა ზუბიაშვილი, მსახიობი და Art Shock Company-ს დამფუძნებელი: „ჩვენ ვართ პანტომიმისა და დრამის მსახიობებისგან შემდგარი ჯგუფი. აქტიურად ვემზადებით ღვინის ფესტივალისთვის, რომელში მონაწილეობაც ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ღონისძიებაზე მთელი დღით ვიქნებით წარმოდგენილი. წელს მოსულ სტუმრებს განსაკუთრებულ შოუს ვპირდებით, რადგან გმირები და პერფომანსი სპეციალურად ამ დღისთვის კეთდება. ხალხში იმოძრავებენ მიმები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან არა ტრადიციული თეთრი გრიმით, არამედ სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი გრიმითა და კოსტიუმებით. წარმოდგენილი იქნებიან ოჩოფეხები, რომლებიც მოსული სტუმრების გამხიარულებაზე იზრუნებენ. იქნება გოგოსა და ბიჭის ქანდაკებები, რომლებიც ყურძნის, ვაზისა და ბახუსის საინტერესო სინთეზს წარმოადგენენ. ფესტივალს დაასრულებს განსაკუთრებული ცეცხლოვანი შოუ, რომელიც ულამაზესი სანახაობა იქნება. მოკლედ, სტუმრებს არაჩვეულებრივ, განსხვავებულ და ორგინალურ პერფომანსს ვპირდებით. მათ გასული წლისგან განსხვავებით უამრავ სიახლეს შევთავაზებთ.“
იოსებ ბაკურაძე, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: „ქართული ღვინის ფეტსივალი 2018-ის“ პარტნიორები ვართ, რაც ჩვენთვის მეტად საპატიოა. 13 ოქტომბერს ჩვენი 10 მსახიობი იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე. ისინი სხვადასხვა ტრადიციულ სამოსში იქნებიან გამოწყობილები და ხალხში ისეირნებენ. ეს კი ფესტივალზე სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის. ვეცდებით, ძველი თბილისი გავაცოცხლოთ.“
წელს „ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე მეორედ იმართება. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და საინტერესო პერფომანსის ნახვის პარალელურად, მრავალფეროვანი ქართული პროდუქციის დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნება."ქართული ღვინის ფესტივალი 2018“ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ პურსაც შესთავაზებს, ასევე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ყველის კომპანიები.
"ვფიქრობთ, რომ შარშანდელმა ფესტივალმა ყველა კმაყოფილი დატოვა, როგორც ღვინის კომპანიები, ასევე სტუმრები. წელს პროგრამა კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა კი აუცილებლად მოგვწერონ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე: ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival" - განმარტავს ფესტივალის პროექტის მენეჯერი ანანო თავხელიძე.
ღონისძიება 13 ოქტომბერს შარდენზე 12:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. როგორც შარშან, ასევე წელს ორგანიზატორები ძალიან ბევრ ტურისტს ელოდებიან.