აშშ-ის მთავრობა და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ უიბლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში შეხვედრის გამართვის მნიშვნელობაზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დონეზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) დაწყების შესაძლებლობა წარმოადგენს პრიორიტეტს ორმხრივი სავაჭრო-ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა დახმარების პროგრამებზე, რომელთაც USAID-ი ახორციელებს საქართველოში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტექნიკური განათლების სფეროში მასობრივი გადამზადების პროგრამებზე.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მოვამზადოთ არა ასობით და ათასობით, არამედ ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ამერიკის მთავრობა და USAID-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, გენადი არველაძე, ნათია თურნავა და ეკატერინე მიქაბაძე.