ირანი 10 მილიონ ბარელზე გათვლილ ნავთობსაცავს ააშენებს

ირანის სანავთობო-საინჟინრო-დეველოპერულმა კომპანია PEDEC-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ნავთობსაცავის მშენებლობაზე, რომლის ჯამური მოცულობა 10 მილიონი ბარელი იქნება.

ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Shana იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ირანის სანავთობო კომპანია NIOC-ის შვილობილი კომპანიისთვის საცავს ადგილობრივი კომპანია ააშენებს. როგორც ცნობილია, 4 ნოემბრიდან ვაშინგტონი განაახლებს ირანზე მკაცრ სანქციებს, რომელიც მის ექსპორტს აკრძალავს.

ამ დროისთვის ირანი ნავთობის ექსპორტის დინამიკაზე მონაცემებს არ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ აგვისტოში ექსპორტი არ შემცირებულა. თუმცა ცნობილია, რომ ირანიდან ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვეს ან მნიშვნელოვნად შეამცირეს საფრანგეთმა და სამხრეთ კორეამ, ხოლო ევროპის სამხრეთ რეგიონებში, ინდოეთსა და ჩინეთში შესყიდვები არ შეცვლილა.

ცნობისათვის, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობსაცავი 85 მილიონ ბარელს იტევს და აშშ-ის შტატ ოკლაჰომაში ქალაქ კუშინგში მდებარეობს.

კოკა კვირკველია