წულუკიანი კანონს არღვევს - მინისტრი თანამშრომლებს "პალიტრისთვის" საჯარო ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კანონს უხეშად არღვევს და თანაც, განმარტავს, თუ რატომ არღვევს კანონს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე და 40-ე მუხლის მიხედვით, ყველა საჯარო უწყება ვალდებულია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს პასუხი გასცეს ან დაუყონებლივ, ან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სერვისების განვითარების სააგენტოს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს „ბიზნესპრესნიუსმა“ (შედის „პალიტრამედიის“ ნიუსრუმის შემადგენლობაში) საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2018 წლის 15-16 თებერვალს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გამოთხოვიდან 7 თვეზე მეტი გავიდა, „ბიზნესპრესნიუსს“ ზემოხსენებული უწყებებიდან დღემდე ინფორმაცია არ მიუღია.

„არადა, პირადად მე, სანამ „ბიზნესპრესნიუსში“ მუშაობას დავიწყებდი, როგორც სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტმა იუსტიციის სამინისტროს სამივე სსიპ-დან ინფორმაცია არაერთხელ გამოვითხოვე და უპრობლემოდ, კანონის გათვალისწინებულ ვადებში მივიღე“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსის“ რედაქტორი ელზა წიკლაური.

ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით, თუ რატომ არ აწვდიდნენ კანონით გათვალისწინებულ ვადებში ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსს“, თუმცა ყოველთვის, როდესაც ზემოჩამოთვლილი უწყებების პრესსამსახურებს ვუკავშირდებოდით, ისინი პასუხს თავს არიდებდნენ. ბოლოს კი, 2018 წლის 2 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ასეთი პასუხი გაგვცეს:

(სტილი დაცულია) „მინისტრის მითითებაა, ოღონდ დღეს კონკრეტულად კი არა, ეს არის 2015 წლიდან. მაგ პერიოდიდან გეუბნებით მეც, რომ არ ვპასუხობთ „პალიტრას“, გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა სამუშაო. კითხვა-პასუხის რეჟიმში „პალიტრასთან“ არ ვართ, ინფორმაციის მიცემა არ შეგვიძლია“.

ანუ გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მითითებით, იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საჯაროობის და სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი უნდა იყოს, კანონს უხეშად არღვევს და საინფორმაციო ბოიკოტს უცხადებს მედიასაშუალებას.

„პალიტრამედია“ განმარტებას ითხოვს იუსტიციის სამინისტროსგან, ასევე აპირებს მიმართოს პრემიერ-მინისტრის აპარატს და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოითხოვოს რეაგირება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კანონის უხეშად დარღვევაზე.