კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული - ველოდებით, რომ შემოვა კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც დაწყებულ პროექტებს დაასრულებს

კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული - ველოდებით, რომ შემოვა კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც დაწყებულ პროექტებს დაასრულებსდაზარალებული მობინადრეები ველოდებით, რომ შემოვა კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც გადაიბარებს დაწყებულ პროექტებს, დაასრულებს და ყველა მობინადრე მიიღებს იმას, რაც კანონიერად ეკუთვნით, - ამის შესახებ კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დაზარალებულმა მობინადრემ, დიანა ლაზიშვილმა განაცხადა.

ლაზიშვილის შეფასებით, საგამოძიებო უწყებამ უპრეცედენტო სამუშაო ჩაატარა და „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის დაკავება გამოძიებოს ლოგიკური შედეგი იყო.

„გივი ჯიბლაძის საქმიანობასთან დაკავშირებით იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, რაც მდგომარეობს საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვაში. ამასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა მობინადრეებმა 2018 წლის 18 მაისს მივმართეთ საგამოძიებო სამსახურს, რაზეც მყისიერად მოხდა რეაგირება და დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ჯიბლაძის დაკავება არის გამოძიების ლოგიკური შედეგი.

გამოძიების ფარგლებში მართლაც უპრეცედენტო სამუშაო გასწიეს, უმცირეს დროში მაისიდან დღემდე 500 საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ხელისუფლებამ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანების დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით სამართლიანობა აღმდგარიყო.

მე გახლავართ მირცხულავას ქუჩის ობიექტის დაზარალებული. კონკრეტულ ლოკაციაზე მობინადრეთა დათვლებით, დიდი ოდენობით თანხებზეა საუბარი, მილიონობით ლარია კომპანიაში შესული და საძირკვლის გათხრის სამუშაოების გარდა, არაფერია გაკეთებული. 4000-მდე მეანაბრეა გამოკითხული და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ბრალის სტანდარტისთვის იყო აუცილებელი და საჭირო, მაქსიმალურად სრულყოფილად და ობიექტურად იყო ჩატარებული“, - განაცხადა ლაზიშვილმა.

მისივე თქმით, დაზარალებული მობინადრეების მოლოდინია, რომ კეთილსინდისიერი ინვესტორი გადაიბარებს დაწყებულ პროექტებს, დაასრულებს და ყველა მობინადრე მიიღებს იმას, რაც კანონიერად ეკუთვნით.

„მერიამ მაქსიმალური გააკეთა იმისათვის, რომ ამ ადამიანს მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდა. მაგრამ ჯიბლაძის განცხადებები, რომ მას ჰქონდა ამ ობიექტის დასრულების ფინანსური შესაძლებლობა, იყო ტყუილი და მან ვერაფრის გაკეთება შეძლო სამშენებლო ნებართვის პირობებში კი. რაც შეეხება მოლოდინებს, მივყვებით სამართლებრივ გზას და არც ერთი ნაბიჯი უკანონოდ არ იქნება გადადგმული. დაზარალებული მობინადრეები ველოდებით, რომ შემოვა კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც გადაიბარებს დაწყებულ პროექტებს, დაასრულებს და ყველა მობინადრე მიიღებს იმას, რაც კანონიერად ეკუთვნით.

ჩემს ოჯახს 2017 წლის იანვარში აქვს ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული და 31 ათასი ამერიკული დოლარი გვაქვს გადახდილი. ბინა კი 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაგვბარებოდა. თუმცა, მირცხულავას ქუჩის ამ ობიექტზე, მე-4 ბლოკში, მხოლოდ პირველი სართულია ამ დროისთვის აშენებული“, - განაცხადა დიანა ლაზიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დღეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავა.

დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, უწყებაში გამოძიება 2018 წლის 29 მაისს დაიწყო. დაზარალებული მენაშენეები რამდენიმე თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ.