დღევანდელი კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არის ძალიან ჯანსაღი და სწორი, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ასოციაციისა და პრემიერის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესი, ბოლო რამდენიმე წელიწადია, აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან.
„მიუხედავად იმისა რა ხდება ქვეყანაში და როგორ ხდება, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ დღევანდელი კომუნიკაცია ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არის ძალიან ჯანსაღი და სწორი. მიუხედავად პატარ-პატარა სირთულეებისა, რომელიც არსებობს, ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან სწორი მიდგომა ბიზნესთან კომუნიკაციასთან დაკავშირებით და სწორი სურვილი, რომ მათი მხრიდან იყოს ობიექტური და ჯანსაღი ჩართულობა. დღევანდელი შეხვედრაც ამის კიდევ ერთი დასტურია", - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი მზად არის პრემიერის გვერდით იდგეს.
"ბატონო მამუკა, ჩვენ ძალიან ხშირად ვთანამშრომლობდით თქვენთან ჯერ კიდევ სხვა რანგში. დღეს პირველად გხვდებით როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ბიზნესში საკმაოდ ბევრი თემა და საკითხია დაგროვილი და იმედი გვაქვს, ჩვენ შევძლებთ ბევრ საკითხზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვართ, ახალ რანგშიც ბევრ საინტერესო რეფორმას გაატარებთ. ჩვენ მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიყოთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შეხედულებები, მოსაზრებები, თქვენი მხრიდან იქნება მოსმენილი და შესაძლებლობის პირობებში გათვალისწინებული", - აღნიშნა ჭირაქაძემ.