მერია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლება არ დაირღვეს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სამშენებლო პროცესის წარმართვას.
“ყურადღებით ვაკვირდებით სამშენებლო კომპანია „სვეტთან” დაკავშირებულ მოვლენებს, რომელსაც არცერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნდა. რამდენიმე თვის წინ, მზადყოფნა გამოვთქვით და კომპანიის წარმომადგენლებს გონივრული ვადა მივეცით იმისთვის, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით და კომპანიის წარმომადგენლებს ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობის კანონიერად განახლება მაინც ვერ მოხერხდა. პარალელურად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უნდა აღინიშნოს, რომ „სვეტთან“ დაკავშირებული საკითხი კვლავ საკმაოდ აქტუალურია. დედაქალაქის მერიაში უამრავი შეტყობინება შემოდის დაზარალებული მოქალაქეების მდგომარეობასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არაერთი შეხვედრა შედგა „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც არსებული მდგომარეობა დეტალურად განვიხილეთ. ჩვენ დღემდე მჭიდრო კოორდინაციაში ვართ დაზარალებულებთან და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო დედაქალაქის მთავრობის თანადგომა დაზარალებულების მიმართ - ჩვენ კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სამშენებლო პროცესის წარმართვას. გარწმუნებთ, მერია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რომ მოსახლეობის კანონიერი უფლება არ დაირღვეს და მათ მიერ გადახდილი თანხა არ დაიკარგოს,” - განაცხადა ილია ელოშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს „სვეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი დააკავა.