„ეარბასმა“ გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების ამერიკელი და ევროპელი რეგულატორებისგან, „A321 ნეოს“ შორსმფრენი ვერსიის (A321LR) წარმოების ნებართვა მიიღო.
მაგრამ კომპანია „პრიმერა ეარმა“, რომელსაც ახალი ლაინერი პირველს უნდა მიეღო, ოპერირება შეწყვიტა, რის გამოც, მისი ათასობით კლიენტი მოტყუებული დარჩა.
„ეარბასმა“ თავისი ახალი შორსმფრენი ლაინერის დამწყებ მიმღებად, დანიური „პრიმერა ეარი“ აპრილში აირჩია. ეს კომპანია დანიურ ტურისტულ ჯგუფ „პრიმერას“ შტოა, რომელიც ფრენებს ჩრდილოეთ ევროპიდან ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ ამერიკის 40-ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა. მაგრამ ოპერირება 1-ელ ოქტომბერს შეწყვიტა.
A321LR არის ევროპული ავიაგიგანტის ბესტ სელერ „A321 ნეოს“ მოდიფიცირებული ვერსია. ფრენის სიშორის გასაზრდელად, „ეარბასმა“ მას საბარგო სექციაში მესამე ავზი დაუმატა, რის შემდეგაც, ერთგასასვლელიანი ლაინერის ფრენის სიშორემ 4 100 საზღვაო მილს (7 600 კილომეტრს) მიაღწია.
დანიურ კომპანიას A321LR სალიზინგო კომპანიის შუამავლობით უნდა მიეღო. „პრიმერას“ გაჩერების შემდეგ, „ეარბასმა“ პირველი ლაინერის მისაწოდებლად, ისრაელის ავიახაზი „არკია“ შეარჩია.
„ეარბასმა“ და „ბოინგმა“, თავიანთი ერთგასასვლელიანი ლაინერების ფრენის სიშორის გაზრდა, კლიენტი კომპანიების მოთხოვნის შესაბამისად დაიწყეს. ავიაგადამყვანები სულ უფრო მეტ ტრანსატლანტიკურ და სხვა შორ რეისებს ამატებენ და სურთ, რომ ეს რეისები მომცრო, ეკონომიური თვითმფრინავებით შეასრულონ.
„ბოინგთან“ საკონკურენციოდ, „ეარბასი“ ამჟამად კიდევ უფრო შორსმფრენ A321XLR-ზე მუშაობს, რომლის ფრენის სიშორეც 4 500 საზღვაო მილს (8 350 კილომეტრს) მიაღწევს. ამერიკული კომპანია კი უფრო მოზრდილი ფიუზელაჟის მქონე თვითმფრინავზე მუშაობს, რომელიც თავისი ზომებით, A321-სა და „ბოინგ 787-ს“ (ეარბას A330-ს) შორის არსებულ ნიშას შეავსებს.
„ეარბას A321XLR-ის“ შეძენით უკვე დაინტერესდა საბიუჯეტო კომპანია „ნორვეგიან ეარი“, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის, ყველაზე იაფფასიან ფრენებს ასრულებს.