დონალდ ტრამპის თქმით, მან საუდის არაბეთის მეფე სალმანს განუცხადა, რომ თუ არა შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერა, ის ძალაუფლებას ორ კვირასაც ვერ შეინარჩუნებდა.
„ჩვენ ვიცავთ საუდის არაბეთს. თქვენ იტყვით, რომ ისინი მდიდრები არიან. მე პატივს ვცემ მეფეს, მეფე სალმანს. მაგრამ მე მას ვუთხარი, „მეფეო, ჩვენ გიცავთ თქვენ, ჩვენს გარეშე აქ ორი კვირაც ვერ იქნებით. ჩვენი სამხედრო მხარდაჭერისთვის, გადახდა გმართებთ“, - მისისიპიში გამოსვლისას განაცხადა ტრამპმა, ოღონდ არ დაუზუსტებია, ეს როდის მოხდა.
ასეთი პირდაპირი სიტყვების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციას საუდის არაბეთთან ახლო ურთიერთობა აქვს და მას ირანის ამბიციების დამაბალანსებელ ძალად განიხილავს. შარშან თავის პირველი საერთაშორისო ვოიაჟის პირველი ვიზიტი, აშშ-ის პრეზიდენტმა სწორედ საუდის არაბეთში განახორციელა.
საუდის არაბეთის ახალი ამბების სააგენტო SPA-ს ინფორმაციით, ტრამპმა საუდის არაბეთის მეფეს გასულ შაბათს დაურეკა. სატელეფონო საუბრისას განიხილეს საკითხი, რომელიც ირანის სანქციებს და ამასთან დაკავშირებით, ნავთობის ბაზარზე ამით გამოწვეული დანაკლისის შევსების საჭიროებას ეხება. ეს აუცილებელია ბაზრის სტაბილურობისა და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესანარჩუნებლად.
საუდის არაბეთი მსოფლიოს უდიდესი ნავთობ ექსპორტიორი და OPEC-ის აღიარებული ლიდერია. ამ ორგანიზაციას ტრამპი იმის გამო აკრიტიკებს, რომ მისი პოლიტიკა, ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებას უწყობს ხელს. გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა განაცხადა, რომ OPEC-ის წევრები, „როგორც ყოველთვის, დანარჩენ მსოფლიოს ძარცვავენ“.
„ჩვენ ამ ქვეყნების უმეტესობას არაფრის გამო ვიცავთ. ისინი კი ამის სანაცვლოდ, ნავთობს ძვირად გვაძლევენ. ეს ცუდია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ფასების ზრდა შეწყვიტონ. ჩვენ გვსურს, რომ მათ ფასების შემცირება დაიწყონ“, - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტი ასევე დაჟინებით მოითხოვს მოკავშირე იაპონიის, სამხრეთ კორეის და გერმანიისგან, რომ მათ საკუთარი თავდაცვისთვის მეტი სახსრები დახარჯონ.