"თბილისში პარკინგის მასშტაბური პრობლემის გადაჭრა არსებული რესურსების ოპტიმიზაციით უნდა დაიწყოს"

„მენაშენეთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ პარკინგის პრობლემის მოგვარება, რასაც ბოლო თვეებში მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, არსებული რესურსების ოპტიმიზაციით უნდა დაიწყოს.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილის თქმით, „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია არსებული პარკინგების ოპტიმიზაცია. მისივე განცხადებით, ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს.

„პარკინგებზე არა მარტო ორი ხაზი უნდა იყოს დახაზული, არამედ პერპენდიკულარული ხაზებიც უნდა დაემატოს ისე, რომ სადგომის მართკუთხა ნახაზი მივიღოთ. დღეს პარკირებისას ამას ყურადღებას არ აქცევენ და ხშირ შემთხვევაში ერთი მანქანა 2 სადგომს იყენებს. ასეთი დახაზვის შემთხვევაში: I – მძღოლები უფრო გააზრებულად დააყენებენ მანქანებს და II – თუ ვინმე ორ სადგომს დაიკავებს, მაშინ ორმაგი საფასური უნდა გადაიხადოს. ვფიქრობთ, ტექნიკურად ამის ადმინისტრირება პრობლემა არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი მანქანაა, რომლებიც „სამუდამოდ“ არის გაჩერებული, ან მფლობელი იქიდან ბოსტნეულს ჰყიდის, ან საბურავი აქვს დაშვებული და „მიგდებულია“, ან დახლის მაგივრობას წევს (მაგალითად, მშრალი ხიდის მიმდებარედ); საცხოვრებელ უბნებში ავტოფარეხები უსისტემოდ არის აშენებული. 90-იან წლებში თითოეული მესაკუთრე თვითონ აშენებდა ავტოფარეხს იმ მასალით და იმ ხერხით, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. არსებული ფარეხების დემონტაჟი და ოპტიმალური გადალაგება მეტ ფართს გამოათავისუფლებს და თუნდაც ასეთი პარკინგების თავზე შესაძლებელს გახდის სპორტული, სარეკრეაციო მოედნების, საჩრდილობლებისა და სხვა ობიექტების მოწყობას“, – განაცხადა როსტომაშვილმა.

„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, ასეთი ქმედებები ირგვლივ მცხოვრებთა ქონების კაპიტალიზაციასაც გაზრდის.

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში „მენაშენეთა ასოციაციამ“ ინიციატივების 12-პუნქტიანი პაკეტი წარმოადგინა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობოდა თბილისში პარკინგის პრობლემის მოგვარებას. ირაკლი როსტომაშვილი ასოციაციის ინიციატივებში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დედაქალაქში ავტოსადგომების პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეკონომიკის ეს მიმართულება ისეთივე მიმზიდველი გახდება ინვესტორისთვის, როგორც თუნდაც სახლების მშენებლობა. თბილისის მერის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლებიც პარკინგის გაძვირებას ეხება, სრულ თანხვედრაშია „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივებთან.