სამსახური, რომლის დირექტორიც ექვს დღეში 2 ათასი ლარის შემოსავალს იღებს - რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის 29 წლის თავმჯდომარე

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2-3 თვეა იკავებს.

მანამდე კი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ პოსტზე 2017 წლის 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში რიჟვაძის შემოსავალმა 2 012 ლარი შეადგინა.

გარდა ამ ფონდისა, რიჟვაძეს საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს. კერძოდ, როგორც მის მიერ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გასული წლის 1-ლი იანვრიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში მისმა შემოსავალმა შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორის პოსტზე - 106 764 ლარი; ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეობისას 2017 წლის 24 ივლისიდან 15 დეკემბრის პერიოდში - 34 967 ლარი; ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლად მუშაობისას წინა წლის 1-ლი დეკემბრიდან 15 დეკემბრის პერიოდში - 3 914,29 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, რიჟვაძე ფლობს 50 კვადრატული მეტრი ფართობის არაკომერციულ ფართს ბათუმში და 68,76 კვ. მეტრის ბინას თბილისში, რომელიც 2017 წელს 61 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 2 504,56 ლარი და 12 100.39 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 7 000 დოლარი და 5 000 ლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, რიჟვაძე შპს „აჭარა ბერრის ლიმითედის“ 25%-იანი და შპს „ბისიჯი ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელიც იყო, თუმცა, ამ საწარმოთა საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

თორნიკე რიჟვაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე ფლობს 59,6 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას ბათუმში; 340,7 კვ. მეტრი საცხოვრებელი სახლისა და 400 კვ.მეტრი ფართოის მიწის ნაკვეთის 50%-50%-იან წილებს ხულოში. მის საკუთრებაშია ასევე: მსუბუქი ავტომობილი Toyota Camry. მისმა შემოსავალმა „ბისიჯი ჯორჯიას“ პროექტის მენეჯერად მუშაობისას 2017 წლის 17 ივლისიდან 25 სექტემბრის პერიოდში 8 712,96 ლარი; ხოლო ბათუმის #8 საჯარო სკოლის პედაგოგობისას წინა წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის პერიოდში 881,55 ლარი შეადგინა.