,,თუ ევროპა თავის ინტერესებს ვერ დაიცავს, ძალიან სამწუხარო იქნება“, -ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგში გაზსადენის პროექტზე ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე საუბრისას გააკეთა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მან მაგალითად, ბულგარეთის შემთხვევა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა სოფიამ სამხრეთის ნაკადის პროექტზე უარი ზეწოლის შედეგად თქვა.
,,ისინი ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ და ცდილობენ, ჩვენი გაზი თურქული ნაკადიდან მიიღონ. ძალიან არ მინდა, რომ ბულგარეთს ევროპის დანარჩენი ნაწილიც დაემსგავსოს“ - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ითვალისწინებს ორხაზიანი გაზსადენის მშენებლობას ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიის მიმართულებით. პროექტის ღირებულება შეადგენს 9.5 მილიარდ ევროს და მისი მშენებლობის დაწყება 2019 წლისთვის იგეგმება. ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნები, პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.
ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ასრულებს მუშაობას სასანქციო პაკეტზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ რეალიზებაზე მუშაობენ. მათი ამოქმედება შესაძლოა, უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდეს. გამოცემა WSJ-ს წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
კოკა კვირკველია