"როსსელხოზნადზორის" დელეგაცია საქართველოს 22 ივნისს ეწვევა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "როსსელხოზნადზორის" 4-კაციანი დელეგაციის სტუმრობა საქართველოში სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილისა და რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსი საურინისა მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა.

რუსი სპეციალისტები კახეთში ჩავლენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ. აღნიშნული პროცედურა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე განხორციელდება.

სააგენტოს განმარტებით, 2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.

"აღნიშნულმა პროდუქციამ საექსპორტო პარტიების ფორმირებამდე უნდა გაიაროს ფიტოსანიტარიული კონტროლი, რაც დაადასტურებს, რომ ქართული პროდუქტი ფიტოსანიტარიულ რისკებს არ შეიცავს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ნუ ეცდებიან ხილ-ბოსტნეულის თვითნებურად გატანას რუსეთის ფედერაციაში და საჭირო პროცედურების გასავლელად მიმართონ შესაბამის სამსახურებს", - აცხადებენ სააგენტოში.