„თამბაქოს ნაწარმზე აქციზების თანდათანობით ზრდას, სპეციალურ აქციზურ გადასახადთან ერთად აღნიშნულ ნაწარმზე ადვალური გადასახადის დაწესებას არც თუ იდეალური ადმინისტრირების გამო აქციზური მარკების რეალიზაციის შემცირება მოყვა.
მათი რაოდენობა 2015 წლის 425.3 მლნ-დან 2018 წლისთვის, იანვარ-აგვისტოს ჩამოყალიბებული ტენდენციის გათვალისწინებით, მხოლოდ 363 მლნ-ს მიაღწევს (შემცირება - 14.6 პროცენტით). ამ შემცირებას რამდენიმე საგულისხმო ასპექტი და გარემოება აქვს:
ბოლო წლებში ადგილი აქვს ადგილობრივი უფილტრო სიგარეტების წარმოების უპრეცენდენტო ზრდას. ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტების სარეალიზაციოდ აქციზური მარკების შეძენის მასშტაბები 2018 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა 3.2-ჯერ, ხოლო 2014 წელთან შედარებით - 38.7-ჯერ. აღნიშნულის პარალელურად, მკვეთრად მცირდება ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტების წარმოება. 2018 წელს, პროგნოზული შეფასებით, იგი 2016 წლის დონის მხოლოდ 1.3 პროცენტი იქნება. შესაბამისად, არსებითად შეიცვალა ადგილობრივ წარმოებაში უფილტრო სიგარეტების წილი - 2014 წლის 19.3 პროცენტიდან 2018 წლის 99.1 პროცენტამდე; შესაბამისად, ფილტრიანი სიგარეტების წილი შემცირდა 80.7 პროცენტიდან 0.9 პროცენტამდე.
აღნიშნული „მეტამორფოზის“ ძირითადი მიზეზი აქციზური განაკვეთების ზრდასა და ფილტრიან და უფილტრო სიგარეტების აქციზური განაკვეთის საკმაოდ მაღალ მარჟაში უნდა ვეძებოთ - დღეისათვის ერთი კოლოფი უფილტრო სიგარეტის აქციზი შეადგენს 0.60 ლარს, მაშინ როდესაც ფილტრიან სიგარეტზე - 1.70 ლარს.
სიგარეტზე აქციზის ზრდამ და 2018 წლის 1-ლი მაისიდან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და რეკლამის შემზღუდველი ღონისძიებების შემოღებამ, მართალია, ვერ მოახდინა თამბაქოს ნაწარმის არსებითი შემცირება, თუმცა მის მოხმარებაში ორი ახალი თავისებურება შემოიტანა: ჯერ ერთი, მასობრივი ხასიათი მიიღო უფილტრო სიგარეტების რეალიზაციამ, რომლებსაც მწარმოებლების მიერ უფასოდ მოყვება „საჩუქრად“ ფილტრები, რომელთა მიმაგრებაც შეძენილ უფილტრო სიგარეტზე პრობლემას არ წარმოადგენს ნებისმიერი „დილეტანტი“ მომხმარებლისთვისაც კი, რის შედეგადაც „უფილტროს“ სტატუსით შეძენილი სიგარეტი მომხმარებლის ელემენტარული ძალისხმევით მყისიერად ფილტრიანი ხდება. მოგებული რჩება მწარმოებელი და მომხმარებელი - პირველს აქვს საშუალება უფრო მეტი რაოდენობით გაასაღოს პროდუქცია ისე, რომ ეკონომიკურად არა თუ იზარალოს, არამედ მაქსიმალური სარგებელი ნახოს, ხოლო მეორეს - თითოეულ შეძენილ კოლოფ სიგარეტზე ეზოგება 1.10 ლარი (=1.70- 0.60). ამ შემთხვევაში ზარალდება მხოლოდ სახელმწიფო, რომელიც აღნიშნული „ფინტით“, სპორტული ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, „თამაშგარე მდგომარეობაში“ რჩება, ვერ იღებს სავარაუდო, კუთვნილ აქციზურ შემოსავალს;
მეორე გარემოება ისაა, რომ, თამბაქოს დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვისა და მოსაწევი ადგილების შეზღუდვის გამო სიგარეტის მწეველები მართალია, ზოგადად ნაკლებად გადიან მოსაწევად, თუმცა მათ შორის მკვეთრად გაიზარდა ერთ ჯერზე ერთის ნაცვლად 2 და მეტი ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევები, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს თამბაქოს მოხმარების შემცირებას.
2018 წელს ფილტრიანი სიგარეტების წილი ადგილობრივ წარმოებაში რომ 2016 წლის დონეზე (24.9%) შენარჩუნებულიყო, ეს წელზე გაანგარიშებით საშუალებას მისცემდა სახელმწიფო ბიუჯეტს აქციზის სახით დამატებით მიეღო სულ ცოტა, 21.7 მლნ. ლარი. იგივე პრინციპით, ადგილობრივ წარმოებაში ფილტრიანი სიგარეტების 2015 წლის წილის შენარჩუნების შემთხვევაში - ბიუჯეტი მიიღებდა დამატებით 59.1 მლნ. ლარს, ხოლო 2014 წლის წილის შენარჩუნების შემთხვევაში (80.7%) - 75.5 მლნ. ლარს.
მეორე მიმართულება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს აქციზურ შემოსავლებს, ესაა კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის საგრძნობი ზრდა ბოლო პერიოდში, რაც იწვევს დეკლარირებული იმპორტირებული სიგარეტის მკვეთრ შემცირებას. 2018 წლის პირველი რვა თვის მონაცემების ექსტრაპოლირებით, აქციზური მარკების რეალიზაციის გათვალისწინებით, იმპორტირებული სიგარეტის რაოდენობა 2018 წელს, შემცირებულია: 2017 წელთან შედარებით - 10.6 პროცენტით, 2016 წელთან - 31.3 პროცენტით, 2015 წელთან შედარებით - 34.8 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ სიგარეტის დეკლარირებული იმპორტის 2018 წელს, 2017 წლის დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი მოსალოდნელთან შედარებით დამატებით მიიღებდა არანაკლებ 130 მლნ. ლარს, ხოლო 2016 წლის დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში - არანაკლებ 120 მლნ. ლარს. „ფილტრიანის“ „უფილტროდ“ გადაქცევის ზემოხსენებული მანიპულაციის წყალობით ბიუჯეტი, როგორც უკვე ითქვა, ზარალობს წელზე გაანგარიშებით, თითქმის 22 მლნ. ლარს. გამოდის, რომ ორივე ფაქტორის - ფილტრთან დაკავშირებული მანიპულაციისა და კონტრაფაქტული, კონტრაბანდული პროდუქციის მზარდი მასშტაბების გამო, წელზე გაანგარიშებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხელიდან გაშვებული სარგებელი 150 მლნ. ლარს აღწევს.
აღსანიშნავია, სიგარეტის ქართულ ბაზრის განაწილება ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს შორის, რომელსაც სარკაზმით შეიძლება ქართული თამბაქოს ბაზრის არაფორმალური „ტორდესიალის შეთანხმებაც“ კი ვუწოდოთ. დღეის მდგომარეობით ქართული სიგარეტის ბაზარზე უფილტრო სიგარეტი თითქმის მთლიანად (94.7%) ადგილობრივი წარმოებისაა, მაშინ როდესაც ფილტრიანი სიგარეტი, პირიქით, ასევე თითქმის მთლიანად (99.7%) - იმპორტული.
სიგარეტის ბიზნესთან დაკავშირებული ამგვარი „ფინტები“ ამახინჯებენ თამბაქოს ნაწარმის წარმოების, გასაღებისა და მოხმარების რეალური მდგომარეობის სურათს, სტატისტიკურად ამცირებენ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებს, პირველ რიგში, ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, არასწორ, მცდარ სიგნალებს უგზავნიან ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებს, ინვესტორებს, მთელ საზოგადოებას...
სანამ საზოგადოების წევრთა გარკვეულ ნაწილში არსებობს მოთხოვნილება თამბაქოს ნაწარმის მოხმარებაზე, აღნიშნულ სფეროში ფისკალური დისციპლინის დამყარება და აქციზის ადმინისტრირება სახელმწიფოებრივი მდგრადობისა და ფისკალური დისციპლინის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ინდიკატორად უნდა მივიჩნიოთ.
(ტორდესილასის შეთანხმება - 1494 წელს ესპანეთსა და პორტუგალიას შორის დადებული შეთანხმება ამ ქვეყნების მიერ მსოფლიოს არაევროპულ სივრცეში გავლენის სფეროებისა და ტერიტორიების გაყოფაზე)
იოსებ არჩვაძე, ეკონომისტი