ბაჰრეინის სამეფომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო

ბაჰრეინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის შემოღებულია გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების მიერ ბაჰრეინში ამ ქვეყნის ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან ბაჰრეინის ვიზის მიღების უფლებას საზღვარზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას ორმხრივი შეხვედრა და ხსენებულ თემაზე შეთანხმება.

ამასთან, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაჰრეინთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზეც.