კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის განმარტებით, ვიდრე მოხდებოდა ყადაღების დადება, დაზარალებულების ნაწილს მან თანხა დაუბრუნა

სამშენებლო კომპანია „სვეტის" დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის განმარტებით, ვიდრე მოხდებოდა ყადაღების დადება, დაზარალებულების ნაწილს მან თანხა დაუბრუნდა.ამის შესახებ ჯიბლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის და „სვეტის" გენერალური დირექტორის თორნიკე ჯანელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება.

ჯიბლაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე 50 დაზარალებულია, რომლებთანაც კომპანიას ვალდებულება გააჩნია.

„დაზარალებული რეალურად არის 50. გამოძიების დაწყებამდე 69 იყო და ამ პერიოდში მე მათ ნელ-ნელა დავუბრუნე თანხები. ეს მოწმობს იმას, რომ სანამ ყადაღები დაედებოდა კომპანიას, ვცდილობდი თანხების დაბრუნებას", - განაცხადა გივი ჯიბლაძემ.

თავის მხრივ, სამშენებლო კომპანია „სვეტის" გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მათი ინტერესია ყველა იმ ადამიანის დაკმაყოფილება, ვინც დაზარალებულია.

„29 მაისიდან დაიწყო გამოძიება და ჩვენთვის მაშინვე იყო ცნობილი ეს. 29 მაისიდან ივნისამდე ჩვენთან არავითარი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მოწმეების ჩვენებების შეცვლა რომ გვდომოდა, ამ დროს ვერ გავაკეთებდით ამას? ეს არ გაგვიკეთებია და ამიტომ არ არის საშიშროება, რომ ჩვენებებს ვინმეს შევაცვლევინებთ. ივნისის შუა რიცხვებში დაგვიბარეს დაკითხვაზე და ივნისის ბოლოს დამკითხეს. როცა დამიბარეს დაკითხვაზე, არ ვიყავი თბილისში და როცა ჩამოვედი მაშინვე გამოვცხადდი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. ფაქტია, რომ ვთანამშრომლობთ მაქსიმალურად გამოძიებასთან, რასაც მოწმობს საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ სხვადასხვა შპს-ებიდან დოკუმენტაციის ამოღება ჩვენი მონაწილეობით მოხდა და ამასთან, მოგვიანებით ჩვენ თავად წარვადგინეთ საგამოძიებო უწყებაში დამატებითი დოკუმენტაციები. იმედია, ეს საქმეში ფიქსირდება", - განაცხადა ჯანელიძემ.

ბრალდებულების ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გივი ჯიბლაძეს და თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოთ. კერძოდ ჯიბლაძეს 10 ათას ლარიანი გირაო, ჯანელიძეს კი 10-დან 20 ათას ლარამდე გირაო.

სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 ოქტომბერს დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.