აშშ-მა უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერებს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინელ სეპარატისტთა შვიდ ლიდერს სანქციები დაუწესა.

"ბიბისის" ინფორმაციით, სეპარატისტთა ლიდერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შვიდივე ლიდერის ფინანსური ანგარიშების გაყინვას და მათ კომპანიებთან კონტაქტების დამყარების აკრძალვას გულისხმობს.

"სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ახალი სანქციები შვიდი სეპარატისტი ლიდერის წინააღმდეგ. ყველა მათგანი უკრაინელია, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მიერ განხორციელებულ ქმედებებში", - ნათქვამია აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რა სახის იქნება ანტირუსული სანქციების მომდევნო რაუნდი, თუკი საქმე აქამდე მივა.