გიორგი ალავერდაშვილი, ალბათ, ერთადერთი ადამიანია, ვინც საქართველოში ფისტა გაახარა და უკვე პირველი ნაყოფიც მიიღო.ფისტა, იგივე ფსტა, ბუსტუღი, ერთ-ერთი ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ირანი ითვლება და რატომღაც ისე მოხდა, რომ ბატონმა გიორგიმ ოდესღაც საქართველოშიც კარგად გავრცელებული ის ფისტა გაახარა, რომელიც სწორედ ირანიდან წამოიღო.
გიორგი ალავერდაშვილი:
- 2005 წელს ფერეიდანში პირველად ვიყავი, დავით რევაზიშვილის ოჯახში, რომელთანაც გავიცანი საიდ მულიანი, მისი მეზობელი, ღვაწლმოსილი კაცი, რომელსაც იქ ილია ჭავჭავაძეს ეძახიან. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის იქაური ქართველების წინაშე. მოკლედ, მეორე დღეს, როცა გამომაცილეს, საიდის მეუღლემ, ქალბატონმა ირანამ, პარკით ფისტა გამომატანა, გზაზე თავს შეიქცევთო. მოხალულ-დამარილებული მარცვლები იყო, მათ შორის 9 მარცვალი გაღივებული აღმოჩნდა. თბილისში ჩამოვიტანე და ვარკეთილში, ჩემი კორპუსის წინ, პატარა მიწის ნაკვეთზე დავთესე. ვიცოდი, რომ ეს მცენარე საქართველოში ადრე ხარობდა და მაგრამ გადაშენდა. ჩემდა გასახარად, 9-დან 7-მა მარცვალმა გაიხარა.მერე შევიტყვე, რომ ნერგებს შორის მანძილი 3-4 მეტრი უნდა იყოს. შემდგომ მისი გადარგვა არ შეიძლება, რადგან ფესვი უზიანდება. ფესვი მიწაში 15-20 მეტრზეც კი ჩადის - თუ ნერგი კარგად ირწყვება, ფესვები "ზარმაცდება" და ჰორიზონტალურად გადის, ხოლო თუ არ მოირწყა, მაშინ სიღრმეში ვერტიკალურად მიდის და საზრდო ქვედა ფენებიდან ამოაქვს. ამიტომაც უყვარს გვალვიანი ნიადაგი.
ჩემმა მეგობარმა მერაბ შენგელიამ, რომელიც დაინტერესებული იყო სამკურნალო მცენარეებით, ფისტაზე პატარა სტატია მოამზადა და მიუთითა, ვინც დაინტერესდებით, გიორგი ალავერდაშვილს დაუკავშირდითო. რამდენიმე დღის შემდეგ დავითგარეჯის მამათა მონასტრიდან მამებმა მომაკითხეს. 4 ძირი ჩემი ხელით ამოვიღე და გავატანე. დამრჩა 3 ძირი, რომელიც ბაღში ნელ-ნელა იზრდებოდა.
2016 წლის შემოდგომაზე 1 ნერგისთვის ხმელი ფოთლები უნდა მომეცილებინა და როცა ფოთოლს ხელი მოვკიდე, ხელში მკვრივი მარცვალი მომყვა, რაც ფისტის 2 ცალი ნაყოფი (პირველი ნიშანი) აღმოჩნდა.
- ნიშანი მეთერთმეტე წელს მოუცია.
- დიახ, ასე იყო. მომდევნო წელს კი, 2017-ში, 95 მარცვალი მივიღე, აქედან 35 ცალი მეგობრებს დავურიგე.- 60 ცალი თვითონ დათესეთ?
- დიახ, ოღონდ ყველა არ გაღივდა. წნორში, ჩემს მამულში, 27 ცალი ამოვიდა და იქიდან ამჟამად 23 ძირი მაქვს. ეტყობა, დათესვა ღრმად მომივიდა. მერე წავიკითხე, 2-3 სანტიმეტრის სიღრმეში უნდა იყოს მიწის ზედაპირიდანო. დათესვის წინ 1 დღე-ღამე წყალში უნდა დალბეს, ხოლო, თუ თესლი გასკდა და კვირტი გამოვიდა, უკვე მიწაში უნდა დაბინავდეს.მოგვიანებით, 2013 წელს, ფერეიდნიდან ფისტის მარცვლები ჩამომიტანეს და 5 ძირი წნორში კიდევ გავახარე, ჯერ 5-წლიანებია და ნაყოფი არა აქვთ.
- მოსავალს რომელ თვეში იღებენ?
- ნაყოფს სექტემბერში ან აგვისტოს ბოლოს აგროვებენ. ფისტა ძალიან ძვირფასი მცენარეა, ფარმაკოლოგიაში თხილზე, კაკალსა და ნუშზე მეტად გამოიყენება, იყენებენ კულინარიაშიც.- მოკლედ, თქვენ ხართ პირველი ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით დათესა და უკვე მოსავალიც მიიღო.
- საქართველოში ფისტის ნერგები სხვებსაც აქვთ, მაგრამ ნაყოფი ჯერ არავის მიუღია, რადგანაც 2-3-წლიანებია. ეს მცენარე კი ნაყოფსა და ნიშანს მეთერთმეტე-მეთორმეტე წელს იძლევა.სხვათა შორის, 2005 წელს ირანიდან რომ დავბრუნდი, 2 მარცვალი ჩვენი ცნობილი მამულიშვილის, ლოტბარ ლადო აღნიაშვილის საფლავზე სიმბოლურად დავთესე (მისი საფლავი კუკიის ძველ სასაფლაოზე მოვძებნეM). ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც 1895 წელს ფერეიდანში ცხენით იმოგზაურა.
- მოგვიყევით, როგორ უვლით ფისტის ნერგებს?
- მორწყვა დიდად არ უყვარს, არც ჩრდილი. მზიან და გაშლილ ადგილას მშვენივრად ხარობს. არც სასუქი და შეწამვლა სჭირდება.თავიდან ამ საქმეში უცოდინარი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი ეტაპობრივად ვისწავლე, ნერგმა თვითონ მასწავლა.
- მოკლედ, ფერეიდნიდან ჩამოტანილი 9 მარცვალი ქართულ მიწაზე ასე გაავრცელეთ... თქვენი გამოცდილებიდან რის თქმა შეგიძლიათ?
- საქართველოში შესანიშნავი ნიადაგი გვაქვს ამა თუ იმ კულტურის მოსაყვანად, მაგრამ ცოტა ზარმაცები ვართ. ვისაც ნაკვეთი აქვს კახეთში, ფისტის ნერგები კარგად გაიხარებს. თუ მიჰყვები, ეს საქმე დიდ მოგებას მოიტანს. ფისტის ხე თურმე 700 წელიწადს ცხოვრობს. მოდი, გავახაროთ ფისტა.
ლალი ფაცია
წყარო: „კვირის პალიტრა"