აშშ-კანადა-მექსიკის ახალი ხელშეკრულება (USMCA) სხვადასხვა ტიპის რეგულაციებთან ერთად ჩინური ბიზნესის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა განაცხადა.
შესაბამისი დადგენილება მან განმარტა, როგორც მცდელობა აღმოიფხვრას ყველა ის ხვრელი სავაჭრო ხელშეკრულებებში, რომელიც ემსახურებოდა ჩინეთის სავაჭრო ქმედებების ლეგიტიმურობას ინტელექტუალური საკუთრებისა და მრეწველობის სუბსიდირების სფეროებში. მან განაცხადა, რომ აღნიშნული პუნქტის შესაბამისად თუ რომელიმე ამ სამი ქვეყნიდან გააფორმებს სავაჭრო ხელშეკრულებას არასაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, ორ მათგანს შეუძლია დატოვოს ხელშეკრულება 6 თვეში და მოახდინოს უკვე ორმხრივი ხელშეკრულების ფორმირება. „ეს ლოგიკურია, ეს ერთგვარად შხამიანი აბია“ - დასძინა როსმა.
კითხვაზე, გაიმეორებს თუ არა შტატები მსგავს პუნქტს უკვე იაპონიასთან ან ევროკავშირთან გასაფორმებელი ახალი სავაჭრო ხელშეკრულებებისას, მან ხაზი გაუსვა: „ვნახოთ, ის უპირობოდ გვეხმარება ჩვენ მექსიკასთან და კანადასთან სიტუაციაში, იმის მიუხედავად, გამოვიყენებთ თუ არა მას რომელიმე სხვასთან. პრეცენდენტი შექმნილია და სამომავლოდ ამერიკა უფრო მარტივად შეძლებს მის გამოყენებას ახალი ხელშეკრულების ტექსტებში.“ - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას ამერიკამ, კანადამ და მექსიკამ მიაღწიეს შეთანხმებას ახალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და დაასრულეს პროცესი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნით 2017 წელს მხარეებმა დაიწყეს NAFTA-ს ხელშეკრულების გადაკეთებაზე მუშაობა ახალი პირობებით.
როგორც მოსალოდნელია ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ბუენოს აირესის დიდი ოცეულის სამიტზე გაიმართება, სადაც სამივე ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
კოკა კვირკველია