ქართველი მინისტრების უმრავლესობას მრჩევლები აღარ ჰყავს. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, ზოგიერთი სამინისტროს შემთხვევაში, მრჩევლებს სახელი გადაერქვა და კონსულტანტი ეწოდა, უმრავლესობის შემთხვევაში კი, საერთოდ გაუქმდა.
ამის მიზეზად უწყებების ნაწილი ოპტიმიზაციას ასახელებს, იურისტების შეფასებით კი, აღნიშნულს საჯარო მმართველობის რეფორმა ითვალისწინებს, რომელზეც მუშაობა ახლაც მიმდინარეობს.
წლების განმავლობაში სიტყვა „მრჩეველი“ საჯარო სამსახურში ყველაზე გავრცელებული თანამდებობა იყო, თუმცა ამ შინაარსის მიღმა რა იმალებოდა, დღემდე გაუგებარია. მინისტრებს ჰყავდათ მოადგილეები და პარალელურად 3-4, ზოგ შემთხვევაში 7 მრჩეველიც კი. მათ ხელფასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯებოდა. აბსოლუტურად უცნობი იყო, რა კრიტერიუმით, რა დამსახურების მიხედვით ხდებოდა მრჩეველების შერჩევა, ვინაიდან ეს თანამდებობა ზოგ შემთხვევაში, პარტიის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრების დასასაქმებლად იყო შექმნილი. იურისტების თქმით, ეს ხდებოდა არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ მუნიციპალურ დონეზე.
რაც შეეხება უწყებების მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციას, როგორც ირკვევა, მრჩევლები ჰყავთ მხოლოდ ეკონომიკის, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.
რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩევლებს სახელი გადაერქვა და კონსულტანტი ეწოდა. ხოლო დანარჩენმა მინისტრებმა მრჩევლების შტატი საერთოდ გააუქმეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას მინისტრების მოადგილეებისა და მრჩევლების შესახებ:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია - 6 მოადგილე, 1 მრჩეველი.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - 5 მოადგილე , მრჩეველი არ ჰყავს.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - 4 მოადგილე - მრჩეველი არ ჰყავს. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუმარტეს, ლევან იზორიას მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში 2016 წლის ბოლოს ჩატარდა ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი - 4 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი - 5 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, - 1 მოადგილე, მრჩევლები არ ჰყავს.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - 5 მოადგილე, მრჩეველი არ ჰყავს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო - 2 მოადგილე, 2 კონსულტანტი, სადაზღვეო და იურიდიული მიმართულებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 4 მოადგილე; 3 მრჩეველი - 1 გარემოს დაცვის, 2 კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
პრემიერი მინისტრის მამუკა ბახტაძის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მრჩევლების რაოდენობის გასარკვევად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გახდა საჭირო. „ბიზნესპრესნიუსმა“ აღნიშნულ უწყებებს უკვე მიმართა და პასუხის მიღებისთანავე ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს 4 მრჩეველი ჰყავს. ადამიანის უფლებათა დაცვის, საგარეო, პოლიტიკური და უმცირესობების მიმართულებით.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მრჩევლებს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, სამინისტრო „პალიტრა მედიასთან“ არ თანამშრომლობს, შესაბამისად, ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მრჩევლების ინსტიტუტის გაუქმება დაემთხვა საჯარო მმართველობის ახალ საკანონმდებლო რეფორმას, რაც გულისხმობს, უწყებებში კომპეტენციების ისეთ გადანაწილებას, სადაც ე.წ რჩევების მიცემა საჭირო აღარ არის. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რასაც შტატი არ სჭირდება.
„შედარებისთვის, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში, მინისტრი. ხოლო, დანარჩენ საკითხებზე, გადაწყვეტილების მომზადება და მიღება ხდება იმ კონკრეტულ განყოფილებებში, რომელიც დელეგირებულია შესაბამისი სფეროების მიხედვით. ასე რომ, ასეთ სისტემაში მინისტრს ცალკე მრჩეველი აღარ სჭირდება. მაშინ, მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პერსონალი რას აკეთებს?! სხვა საკითხია ტექნიკური პერსონალი, ეს იქნება თანაშემწე, ასისტენტი თუ ა.შ. მათი ფუნქცია სხვაა და არა ე.წ რჩევების მიცემა.
ამდენად, სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული მრჩევლების გაუქმება. მითუმეტეს, რომ ამ ყველაფერს დაემთხვა საჯარო სამსახურის ახალი საკანომდებლო რეფორმა, რასთან დაკავშირებითაც პროცედურები დღესაც მიმდინარეობს. თუმცა, ბუნებრივია, ვერცერთი კანონი ვერ მოიცავს ყველა შემთხვევას და საჭიროებას. შესაბამისად, ესეც იძლევა საშუალებას, რომ არსებობდეს მრჩეველი, თუკი მართლაც საჭიროა. მაგალითად, თუ კონკრეტული ადამიანი, რომელიც ფლობს უნიკალურ უნარებს, კონტაქტებს და ა.შ. მაგრამ არ არის თანახმა, იყოს მოადგილის რანგში ან რომელიმე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ის მზად არის კონკრეტულ საკითხებში მინისტრს მიაწოდოს სამეცნიერო პრაქტიკული რჩევა (და არა გადაწყვეტილება), რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. სავარაუდოდ, სწორედ ამან განაპირობა მრჩეველის შტატის გაუქმება, ან მათი სხვა თანამდებობაზე გადანაწილება“,-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
როგორც იურისტი აღნიშნავს, საჯარო სამსახურებში წლების განმავლობაში „მრჩეველი“ იყო ყველაზე გავრცელებული თანამდებობა, თუმცა, ამ შინაარსის მიღმა რა იმალებოდა, უმრავლეს შემთხვევაში გაუგებარი იყო.
„ეს ხდებოდა როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე. იმედია, სისტემურად ესეც მოწესრიგდება, რადგან საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“,-აცხადებს ლევან ალაფიშვილი.