2018 წლის მეორე კვარტალში 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება 0.8%-ით არის შემცირებული.
თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაცია „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაშია აღნიშნული.
„მართალია, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სხვა სექტორებთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ 2018 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი გაცილებით აღემატება წინა წლების შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს.
გარდა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა, აღსანიშნავია ის, რომ წლევანდელი რთველი, რომელიც 20 აგვისტოს დაიწყო, პირველად, ბოლო 10 წლის განამავლობაში, მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რამაც გრძელვადიან პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და მევენახეებისა და ღვინის კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
რაც შეეხება ფასებს, 2018 წლის აგვისტოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით ფასები გაიზარდა 3.2%-ით. 2018 წლის აგვისტოში რძისა და რძის პროდუქტების კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები გაიზარდა, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, რაც რძის შემცირებული წარმოებით აიხსნება.
2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა (მათ შორის საკვები პროდუქტები) შეადგინა 51 მლნ აშშ დოლარი, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 25%-ს შეადგენს. აღნიშნული რიცხვი 7%-ით ნაკლებია 2017 წლის აგვისტოს იგივე მაჩვენებელზე. იმპორტზე დაკვირვებისას კი დადგინდა, რომ 2018 წლის აგვისტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი იყო 90 მლნ აშშ დოლარი, რაც საქართველოს მთლიანი იმპორტის 15%-ს შეადგენს. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი გაიზარდა 3%-ით,“-აღნიშნულია „აისეტის“ ინფორმაციაში.