შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის ახალი მფლობელი ჰყავს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს ვოლთბეი გახდა. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ ჭიაურელი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დღემდე რჩება სპეციალური მმართველი. ნიკოლოზ ჭიაურელს კი 2017 წლის მაისის ჩათვლით "კავკასუს ონლაინის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, მანამდე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახური სააქციო საზოგადოება ყაზტრანსგაზი იყო, დირექტორის პოსტი კი სანჯარ შოტაკაევს ეკავა.
კომპანია WALTBAY LTD საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის – შპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს. „სი ბი ეს ჯგუფი“ 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფის“ პარტნიორი კომპანიები არიან „კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს ,,მობიტელი’’ (,,ბილაინი’’), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი“ და TÜV Rheinland. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.