მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორისაა.კერძოდ, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
საქართველოს ქულა, კორუფციის კონტროლის მხრივ, კერძოდ, შეფასების რანგირების 100%-იანი შკალაზე 77,40%-ს გაუტოლდა და 48-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ ინდიკატორში ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია.
კორუფციის კონტროლი ეფუძნება შეფასებებს, თუ რამდენად გამოიყენება და მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლება და საჯარო უფლებამოსილება კერძო მიზნის მიღწევისკენ, რომელიც მოიცავს როგორც მცირე, ასევე მსხვილმასშტაბიანი ტიპის კორუფციას.
მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 200 ქვეყანას მმართველობის 6 მიმართულებით აფასებს:
• გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება;
• პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობასთან ბრძოლა;
• მმართველობის ეფექტიანობა;
• რეგულაციების ხარისხი;
• კანონის უზენაესობა;
• კორუფციის კონტროლი.
კიდევ ერთი ინდიკატორი, სადაც საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა, რეგულაციის ხარისხია. საქართველომ შეფასების რანგირების 100%-იანი შკალიდან 81.73%-ი დაიმსახურა, და 2017 წელს მსოფლიოში 38-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ინდიკატორში 17 ადგილით გაუმჯობესდა.
რეგულაციის ხარისხი აერთიანებს შეფასებებს მთავრობის მიერ კერძო სექტორის განვითარების მასტიმულირებელი ჯანსაღი პოლიტიკის/რეგულაციების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობის კუთხით.
რეგულაციების ხარისხის ინდიკატორში საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: ესპანეთი (42), პორტუგალია (43), პოლონეთი (44), სლოვაკეთი (49), იტალია (52), უნგრეთი (56), ბულგარეთი (57), სლოვენია (58), მაკედონია (60), რუმინეთი (62), ხორვატია (65), სომხეთი (74), საბერძნეთი (77), ყაზახეთი (81), მოლდოვა (95), თურქეთი (89), სერბეთი (93), აზერბაიჯანი (118), უკრაინა (124), რუსეთი (140), ბელორუსია (157) და სხვა.
რეგულაციის ხარისხის ინდიკატორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ბალტიის ქვეყნებთან ერთად ლიდერია.
საქართველო მმართველობის ეფექტიანობის ინდიკატორშიც გაუმჯობესდა. ქვეყანა 72,12 ქულით 59-ე პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინდიკატორში გაუმჯობესდა როგორც საქართველოს ქულა, რომელიც ასევე ისტორიული მაქსიმუმია, ასევე სარეიტინგო მდგომარეობა. მმართველობის ეფექტიანობა ეფუძნება შეფასებებს საჯარო და სამოქალაქო სერვისების და მათი პოლიტიკური წნეხისგან დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით. ასევე, პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და ასეთი პოლიტიკის წარმოების მიმართულებით მთავრობის საიმედოობის ხარისხს.
ინდიკატორში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: უნგრეთი (63), იტალია (64), საბერძნეთი (71), ბულგარეთი (76), სერბეთი (83), მონტენეგრო (87), მაკედონია (88), ალბანეთი (93), თურქეთი (94), ყაზახეთი (97), რუსეთი (104), სომხეთი (105), აზერბაიჯანი (111), რუმინეთი (113), ბელორუსია (127), უკრაინა (136), ბოსნია ჰერცეგოვინა (137), მოლდოვა (138) და სხვა.
გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.