შალვა ფიფია ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს უმასპინძლებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას ოფიციალური მოწვევით 23-24 ივნისს საქართველოს ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, შალვა ფიფია და იაირ შამირი ხელს მოაწერენ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე გაიმართება საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, თანადაფინანსების ფონდის, ქართული და ებრაული კომპანიების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

საქართველოში ვიზიტისას, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრთან ელგუჯა ხოკრიშვილთან. მინისტრი ქართულ-ებრაული ინვესტიციით გახსნილ მეფრინველეობის საწარმოსაც დაათვალიერებს.