სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ კანონპროექტის ფარგლებში, ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, რომელსაც მიწის მართვა დაევალება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პარლამენტის აგრარულ კომიტეტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშული ინიციატივის განხილვა ოქტომბერში იგეგმება.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს, მიწის როგორც უცხოელებზე გასხვისების, ისე იპოთეკით დატვირთვის წესებს. მისი ავტორი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაა.
„ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული საკითხი, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამართლებრივ რეგულირებას, დაწყებული უცხოელებთან ურთიერთობის თემით, დასრულებული მიწის ყიდვა-გაყიდვით. ეს არის ორგანული კანონი, რომელიც კონსტიტუციამ დაგვავალა და ოთარ დანელია არის ავტორი.
აღნიშნული კანონპროექტი ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. მათ შორის, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მიწის მართვის დეპარტამენტი, რომელიც აღრიცხავს მიწის კატეგორიებს, შეადგენს მიწის ბალანსს და შესაბამის საკითხებს დაარეგულირებს“,- აცხადებენ აგრარულ კომიტეტში.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, კომიტეტის ინფორმაციით კანონპროექტის მიხედვით, თუ უცხოელი, რომელსაც გააჩნია მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, მიწას 2 წლის ვადაში არ დაამუშავებს, მისი გაყიდვა მოუწევს. გარდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა.
დოკუმენტის თანახმად, უცხოეთის მოქალაქე შესაძლოა, ფლობდეს მიწას თუ მიწა მიიღო მემკვიდრეობით ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება. ამ უკანასკნელისთვის კი უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასჭირდება. მან მთავრობას საინვესტიციო გეგმა უნდა წარუდგენოს. თუმცა, თუ გეგმით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ერთი წლის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი.
თუ ვალდებული პირი ვერ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას, მან ვადის გასვლიდან ერთ თვეში უნდა მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის თაობაზე. ხოლო, თუ პირი არ ეთანხმება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის პირობებს, მას მიწა კანონის ფარგლებში ჩამოერთმევა.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს შეზღუდვებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვასთან დაკავშირებითაც. პროექტის მიხედვით, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის, ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ. ასევე იკრძალება იურიდიული პირის მიერ წილის იმ ოდენობით გაყიდვა, რომლის შედეგადაც წილის 50%-ზე მეტი შესაძლოა, გახდეს უცხოელი ან უცხოური საწარმო.
ამასთან, თუ იურიდიული პირის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და წილის/აქციის/პაის შეძენის ან პარტნიორობის (სპს-ის და კს-ის კომპლემენტარების შემთხვევაში) სურვილს გამოხატავს საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, უნდა დგინდებოდეს ამ უკანასკნელის ან/და მისი პარტნიორი იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე.