საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი, სასტუმრო აშენდება.სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და დამსვენებლების მიღებას 2020 წლიდან შეძლებს.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, 130 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.
პროექტი, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია, 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა. ამჟამად, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. დღეის მდგომარეობით კი, მათში ჯამურად 218 მლნ აშშ დოლარზე მეტია უკვე ინვესტირებული.