ტანკერების გადაადგილების ინფორმაციებზე დაყრდნობით, როიტერსი იუწყება, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი თანდათან მცირდება. ამას კი შედეგად ნავთობზე ფასის ზრდა მოსდევს.
ნიუ იორკის სასაქონლო ბაზარზე, დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ბარელის ფასი 0.43 პროცენტით, 74.61 დოლარამდე შემცირდა, ლონდონის საერთაშორისო ბაზარზე კი ბარელი ბრენტის ფასმა 5.0 პროცენტით, 84.31 დოლარამდე დაიკლო.
„როიტერსის“ კვლევაში ნათქვამია, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ექსპორტზე დღიურად მხოლოდ 1.1 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. იმავდროულად, ირანული ნავთობის მომხმარებლები სულ უფრო მეტად ცდილობენ საქმის სხვა მიმწოდებლებთან დაჭერას, რათა თავი აარიდონ შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც სრულად 4 ნოემბერს ამოქმედდება.
„ირანული ექსპორტი სწრაფად მცირდება. და მალე გამოჩნდება, რამდენად შეძლებს საუდის არაბეთი პირობის შესრულებას, რომელიც ირანული ნავთობის დანაკლისის კომპენსირებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია „ჯეი პი მორგანის“ განცხადებაში.
ეს მოლოდინი ნავთობის ფასის ზრდას განაპირობებს. მეორე მხრივ, საერთაშორისო მონეტარული ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზში ნათქვამია, რომ 2019 წელს ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 68.78 დოლარი იქნება, 2023 წლისთვის კი 60 დოლარამდე დაიკლებს. იმავე პროგნოზის მიხედვით, წელს ნავთობის საშუალო ფასი 69.38 დოლარის ფარგლებში იქნება.
ნავთობის ფასი ოდნავ მას შემდეგ შემცირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ირანის ნავთობის სანქციებზე მცირე გამონაკლისებს დაუშვებს. ამას მოჰყვა ინდოეთის ნავთობის მინისტრ დარმენდრა პრადჰამის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა ნოემბერში გააგრძელებს ირანული ნავთობის შესყიდვას.