პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს სამეთვალყურეო საბჭო გაუწევს ზედამხედველობას

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს პარლამენტის წევრებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო გაუწევს ზედამხედველობას.

სამეთვალყურეო საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.

ამ მიმართულებით "პარლამენტის რეგლამენტში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საბიუჯეტო ოფისი პარლამენტის აპარატის ფარგლებში პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, დეპუტატების, პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით იქმნება. საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ხუთი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საბიუჯეტო ოფისის უფროსის წარდგინებითა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, უქმდება დებულების პროექტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეთანხმების პროცედურა. ამასთან, საბიუჯეტო ოფისის საზედამხედველოდ იქმნება სამეთველყურეო საბჭო, რომელიც ხუთი პარლამენტარით იქნება წარმოდგენილი და საბიუჯეტო ოფისი სწორედ მის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.