მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი

თბილისის მეტრო მგზავრობის საფასურის საერთაშორისო ბარათებით გადახდისთვის საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა, - აღნიშნულის შესახებ „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტობუსების ახალი გადახდის სისტემაზე გადაყვანა.

„კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში განხორციელდება საერათაშორისო ბარათებით გადახდების დაშვება. ამ ეტაპზე ტექნიკურად აღჭურვის სამუშაოების უმეტესობა შესრულებულია - აღჭურვის პროცესი დასრულებულია მეტროში, მიმდინარეობს ავტობუსების ახალ გადახდის სისტემაზე გადაყვანა“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.