კომპანია Alphabet-მა სოციალური ქსელი Google+ დახურა

კომპანიამ Alphabet Inc., რომლის ჰოლდინგშიც შედის კომპანია Google, სოციალური ქსელის Google+ -ის დახურვის შესახებ განაცხადა.

კომპანიის ოფიციალურ ბლოგში წერია, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის 500 ათასზე მეტი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ხელში ჩაუვარდა მესამე მხარეს, ქსელში დაფიქსირებული პროგრამული გაუმართაობის გამო.

Google-ის აზრით, არასანქცირებული წვდომა Google+-ზე 438 აპლიკაციას ჰქონდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით კი, რომელიც ქსელის დახურვამდე გავრცელდა, Google-მა იცოდა ამის შესახებ, თუმცა დამალა ის მის მიმართ მარეგულირებლის მხრიდან დაინტერესებისა და საკუთარი რეპუტაციისთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

Google+-ის პროგრამული ხარვეზი 2015 წლიდან 2018 წლის მარტამდე სხვებს უფლებას აძლევდა სოციალური ქსელის მომხმარებლების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ჰქონოდათ წვდომა. შიდა კვლევის დროს მოხერხდა და მოხდა მისი ლიკვიდირებაც. WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, კომპანია Google-ის გენერალურმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ იცოდა, რომ ამ ხარვეზის შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიდნენ არც მარეგულირებელს და არც ქსელის მომხმარებლებს.

WSJ-ის ინფორმაციით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა კონფიდენციალური ინფორმაციის დიდი ნაწილი, ისეთები როგორიცაა პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართები, ფოტოები, სქესი, სრული სახელი და გვარი, დაბადების დრო, საქმიანობის პროფილი და ოჯახური მდგომარეობა. თუმცა ამ ჩამონათვალში არ მოხვდა ტელეფონის ნომრები და სხვა ცალკეული მონაცემი.

ამ ინფორმაციების ფონზე Alphabet-ის აქციები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1%-ით გაუფასურდა.

კოკა კვირკველია