2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საწვავზე აქციზის შემცირებას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.
კაკაურიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციზთან დაკავშირებული საკითხის გადახედვა და მისი განაკვეთის შეცვლა პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული არ არის.
"ამ ეტაპზე აქციზში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. რაც შეეხება პროექტის კორექტირებას, თუკი კორექტირების ფარგლებში მივიღებთ წინადადებას, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი შემცირდეს, ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საუბარი რომელიმე გადასახადის შემცირებაზე",- განაცხადა კაკაურიძემ.
2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს. ფინანსურ დოკუმენტს გიორგი კაკაურიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს აცნობს.