ქართული ენის ცოდნის გარეშე უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა შესაძლოა, აღარ გაიცეს.
ამის შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია საუბარი.
კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ინიციატივის მიზანია გაამკაცროს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. მხოლოდ 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრება არ უნდა იყოს მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკმარისი პირობა. დამატებითი მოთხოვნების სახით აუცილებლად მიგვაჩნია სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში,“-აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა კი, მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.