G20-ის ლიდერების სამიტზე მსო-ს რეფორმირების საკითხს განიხილავენ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები ნოემბერში ბუენოს აირესში გასამართ სამიტზე „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ რეფორმირების საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რობერტ აზევედომ მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაიწყო საუბრები, რომ ორგანიზაცია საჭიროებს რეფორმირებას. ეს არ არის ახალი ამბავი და ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და უკვე გვაქვს პროგრესი. ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, რა მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ფაქტია, რომ ლიდერები ამაზე უკვე საუბრობენ და არის უამრავი წინადადება, თუ რა ტიპის რეფორმა უნდა გატარდეს მსო-ში. G20-ის მინისტრების სამიტზე ამ საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა აზევედომ.

მანვე აღნიშნა, რომ მსო-ს ფარგლებში ორგანიზაციის რეფორმირებაზე მუშაობისას უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები ვაჭრობის გამარტივების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე. მანვე დასძინა, რომ პროცესში ჩართულია კერძო სექტორი, რაც მისასალმებელია.

ცნობისათვის, მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საშემოდგომო შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე იმართება და ის 14 ოქტომბერს დასრულდება.

კოკა კვირკველია