„დოჩე ტელეკომი“ გერმანიის ტერიტორიაზე კომერციულ 5G ოპერაციებს 2020 წელს დაიწყებს, როცა ქვეყანაში ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მზად იქნება.
მთავარი აღმასრულებელი ტიმ ჰოტგესი ამბობს, რომ მისი კომპანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, ინვესტიციების მოცულობას ზრდის.
ჰოტგესის თქმით, გერმანიაში „ტელეკომის“ 5G ოპერაციებისთვის საჭირო გადამცემების ქსელის შესაქმნელად, კომპანია წლიურად 5.5 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. „დოჩე ტელეკომი“ ნაწილობრივ სახელმწიფოს საკუთრებაა და მას ბაზარზე ლიდერის პოზიცია უკავია. გერმანია 5G-ს ლიცენზიების გაცემას მომავალი წლიდან იწყებს და სავარაუდოდ, ასეთ ლიცენზიას პირველი სწორედ „ტელეკომი“ დაეუფლება, რომელიც ამ ახალი ტექნოლოგიის ათვისების მიმართულებით, კონკურენტებზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს.
ჰოტგესი ასევე ამბობს, რომ „ტელეკომი“ სახელმწიფოს მთავარი პარტნიორი იქნება ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნის საქმეში, რაც აუცილებელია გიგაბაიტიანი სიჩქარის ინტერნეტ კავშირისთვის და 5G-სერვისებისთვის.
გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები, 5G-სერვისების მხრივ, იაპონიას, სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს ჩამორჩებიან. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგაც, სავარაუდოდ, ეს ჩამორჩენა შენარჩუნდება, რადგან ევროპაში 5G-შესაძლებლობის სმარტფონების საცალო გაყიდვები მცირეა.