საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. შეთანხმების ხელმოწერამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა მოეწყო, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ისაკ ბენ დავიდი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ილია კვიტაიშვილი და დავით გალეგაშვილი დაესწრნენ.

რაც შეეხება გაფორმებულ ხელშეკრულებას, როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გაცვლა მოხდება. მისივე თქმით, მოეწყობა სტაჟირება, სემინარები და კონფერენციები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეიქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სამუშაო დონეზე მოახდენს კოორდინირებას ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის პროცესზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა გაღრმავდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობა-მეფრინველეობის, მეღვინეობა-მევენახეობის, ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ასევე განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, სემინარები და სტაჟირებები დარგის სპეციალისტებისთვის. მოხდება ისრაელის გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, ბაზარზე ორიენტირებული ფერმებისა და წარმოების განვითარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო ლოგისტიკური ცენტრების მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, დაიწყება თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის და შესაძლოა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტებიც განხორციელდეს.