საპარტნიორო ფონდმა „სენდვიჩ პანელების“ საწარმოს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

სამშენებლო მასალის ე.წ. „სენდვიჩ პანელების“ პროექტის განხორციელების მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნა კომპანია „პანექსი“, რომელმაც ქ. რუსთავის გზატკეცილზე საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

საწარმო პირველ პროდუქციას მიმდინარე წლის ბოლოს გამოუშვებს. ქარხანა აღიჭურვება იტალიური საწარმოს ხაზისა და კორეული კომპანიის დამხმარე დანადგარებით.

„სამშენებლო სექტორისთვის ეს დიდი დახმარება იქნება, რადგან იგი გააიაფებს ინდუსტრიულ მშენებლობას და ჩაანაცვლებს იმპორტს,“- აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.

აღნიშნული პროდუქცია გამოიყენება ინდუსტრიული დანიშნულების შენობების მშენებლობისას და რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე იაფია. ამასთან, მის დამონტაჟებას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება და სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მოცულობაში ნაკლებია.

ICES-ის მენეჯმენტის თანახმად, „პანექსის“ პროდუქციის 45% გაიყიდება საქართველოში, ხოლო 55% გავა ექსპორტზე: ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე იქნება 2.8 მლნ მ2 პანელი წელიწადში. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 6 მლნ აშშ დოლარია.