ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ოთარ ფარცხალაძის ბიზნესსაქმიანობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
უსუფაშვილმა ფარცხალაძის ადვოკატის გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლის წყაროსა და კომპანია "Elbit"-ის თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის პროექტში მონაწილეობას ეხებოდა. უსუფაშვილი ფარცხალაძის ადვოკატისა და საპარტნიორო ფონდის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს, ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების არევას უკავშირებს.
"ოთარ ფარცხალაძეს რამდენიმე წლის წინ ერქვა კეზერაშვილი. წინა ხელისუფლების დროს იყო ასეთი თანამდებობის პირი, რომელიც თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ 2-3 თვეში ამ ქვეყანაში უმდიდრეს ადამიანად მოგვევლინა. ოთარ ფარცხალაძეც მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ისეთივე ტემპებით გამდიდრდა და გაუჩნდა გავლენები ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორც კეზერაშვილს. ასე რომ, კეზერაშვილი და ფარცხალაძე ეს არის ერთი და იგივე ტიპის შედეგი, იმ არასწორი სახელმწიფო მმართველობის, როდესაც კონკრეტულ პირებს ეძლევათ პრივილეგირებული მდგომარეობა და იმ საკითხების მოგვარების უფლებამოსილება, რომელიც წესით და რიგით საჯარო სამსახურების მოვალეობაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ადვოკატი ამბობს ერთ ბიზნესწყაროს და მეორე უარყოფს ფარცხალაძის გავლენას, შესაძლოა, საქმე გვაქვს აღრევასთან ოფიციალური და არაოფიციალური შემოსავლების თაობაზე. შესაძლოა, ვიღაცას აერია და არაოფიციალური შემოსავლები, ოფიციალურ შემოსავლებადაც ჩათვალა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქარხანას პროდუქცია ჯერ არ აქვს გამოშვებული, საპრეზიდენტო კანდიდატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ფარცხალაძის პირად ბიუჯეტში ქარხანაში ჩადებული ინვესტიციების ნაწილი მიდის.
"თუ კომპანიას ჯერ მოგება არ მიუღია და ამის ხარჯზე ვიღაც უკვე მდიდრდება, აქ მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ მას წილები აქვს ხარჯის ნაწილში, ანუ ინვესტიციების ნაწილი მის კერძო ჯიბეშიც მიემართება ალბათ, რაღაცის სანაცვლოდ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.