ეროვნულმა ბანკმა შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს რეგისტრაცია გაუუქმა და მისი ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.„ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რაც მენეჯმენტის მიერ ორგანიზაციის კრედიტორების ინტერესების დამაზიანებელ და საფრთხის შემცველ საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე, დაფიქსირდა ეროვნულ ბანკში არასწორი და დამახინჯებული ინფორმაციის წარმოდგენისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არაჯანსაღი პრაქტიკით მართვის ფაქტები.

ლიკვიდაციის პროცესში განხორციელდება ორგანიზაციის ვალდებულებების აღრიცხვა, ასევე, აქტივების მობილიზება და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რათა ვალდებულებების გასტუმრების პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული კრედიტორების ინტერესები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ეროვნული ბანკი ავრცელებს შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს ლიკვიდატორის განცხადებას.

„შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს ლიკვიდატორის კრედიტორებს მიმართავს თხოვნით, იმისათვის, რომ შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკო"-ს ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია უზრუნველყოფილი იყოს, ორგანიოზაციის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ორგანიზაციის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია და საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები“, - ნათქვამია განცხადებაში.