თბილისის განვითრების ფონდის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 223 850 ევროდ იტალიური კომპანიისგან ორი სახის ურნების შეიძენენ

თბილისის განვითრების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, 223 850 ევროდ იტალიური კომპანიისგან ორი სახის ურნების შეიძენენ - ოთხსექციანს - სეპარირებული ნარჩენებისთვის და ერთსექციანებს.მისივე განმარტებით, ფასი მოიცავს ადგილზე ტრანსპორტირებას, ანუ თბილისში მიწოდებას.

"ჩვენ ძველი ურნების რეაბილიტაციას ვახორციელებთ. გვაქვს მთავრობის განკარგულება - გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც, შევარჩიეთ აღნიშნული კომპანია. ორი სახის ურნებია - ოთხსექციანი - სეპარირებული ნარჩენებისთვის და ერთსექციანები. შერჩევის საფუძველზე შევიძინეთ. კატალოგის სახით რამდენიმე ვარიანტი მოვიძიეთ, შემსრულებელი დავაზუსტეთ, ადგილზე ჩავედით, ტექნიკური პარამეტრები შევისწავლეთ და შემდეგ შევიძინეთ.

რაც შეეხება ფასს, ხელშეკრულების ღირებულება 223 850 ევროა. ფასი მოიცავს ადგილზე ტრანსპორტირებას, ანუ თბილისში მოწოდებას. გაცილებით მაღალი ღირებულების ურნებიც არსებობს და ასევე, გაცილებით დაბალი ფასისაც. ამ შემთხვევაში, ჩვენ ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე, შევარჩიეთ და შევიძინეთ. ეს მოხდა კანონის სრული დაცვით. ყველა წესი, რაც შესყიდვისთვის საჭირო იყო, დაცულია.

არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ტენდერი არ გამოვაცხადეთ. როდესაც გამარტივებული შესყიდვა ხორციელდება, ტენდერი რატომ უნდა გამოცხადდეს?! ძველი ურნების რეაბილიტაცია, პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო, მათ შორის კეთილმოწყობის სამუშაო არის გამარტივებული შესყიდვის წესით. 2016 წელს ურნების შესყიდვაც ამავე გზით მოხდა. წინა ხელისუფლების დროს, როცა ფონდი შესყიდვების კანონმდებლობას არ ექვემდებარებოდა, მაშინ პირდაპირ ხელშეკრულებები იდებოდა. ჩვენს შემთხვევაში კი, გამარტივებული შესყიდვის წესი შესყიდვების კანონმდებლობის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა პირობების თუ მოცემულობების გათვალისიწინებით რეაბილიტაციას. ანუ აღნიშნული კანონმდებლობის ქვეშ, ჩვენ ვყიდულობთ სამუშაოებს.

საქართველოში მსგავსი ურნები არ იწარმოება, შესაბამისად, ქართულ კომპანიასთან მსგავს ხელშეკრულებას ვერ დავდებდით. რაც შეეხება შუამავალ კომპანიას, როდესაც შესაძლებელია, რომ გარკვეული მასალები პირდაპირ შევიძინოთ, ვცდილობთ, რომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე შევიძინოთ, რაც ბიუჯეტსაც არგებს“,-განუცხადა ბაიდარაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს. "ახალ აღმაშენებლის გამზირზე, რომლის რეაბილიტაცია 2016 წელს განხორციელდა, ასევე აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილზე, რომლის რეაბილიტაციაც უფრო ადრე მოხდა, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, ფონდს შეძენილი აქვს სხვადასხვა ტიპის აქსესუარები, მათ შორის, ურნები, სკამები, როგორც იტალიური, ასევე ესპანური, თურქული, ზოგ შემთხვევაში ჩინური კომპანიებისგან. თუ არ ვცდები, ამ კომპანიასთან პირველად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, აღამშენებლის გამზირზე განთავსებული სანათები, სკამები, ურნები, წყლის შადრევნები იტალიურია",- განაცხადა ბაიდარაშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რომელ იტალიურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თბილისის განვითარების ფონდმა და რამდენი ნაგვის ურნა უნდა შეისყიდოს 223 ათას ევროდ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველა ტრანზაქციას და შესყიდვას ის არ აკონტროლებს.

„ეს განვითარების ფონდს ჰკითხეთ, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა შესყიდვას და ყველა ტრანზაქციას მერი უნდა აკონტროლებდეს? ეს სწორია და ასე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო? ეგრე რომ მუშაობდა სახელმწიფო, ერთი კაცი რომ მართავდა ყველაფერს და ერთ კაცზე რომ იყო ყველაფერი მორგებული - კონსტიტუცია, სახელმწიფო ინსტიტუტები, იმიტომ იყო ამ ქვეყნის საქმე კარგად. ეს ჩვენ შევცვალეთ და ჩავაბარეთ წარსულს. პირობაც დავდეთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, რომელიც 2012 წლამდე იყო. ამის პირობას გაძლევთ“, - განაცხადა კალაძემ.